ალექსეი ნავალნის დედამ, ლუდმილა ნავალნაიამ, ვიდეომიმართვა ჩაწერა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისადმი, რომელშიც შვილის ცხედარის გადაცამას ითხოვს.
„ჩემ ზურგს უკან კოლონია ИК-3 „პოლარული მგელია“, სადაც 16 თებერვალს დაიღუპა ჩემი შვილი ალექსეი ნავალნი, მეხუთე დღეა მას ვერ ვნახულობ, მის ცხედარს არ მაძლევენ და იმასაც არ მეუბნებიან სად არის ის. მოგმართავთ თქვენ, ვლადიმირ პუტინ, საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. მომეცით ბოლოს და ბოლოს ჩემი ვაჟის ნახვის საშუალება. მოვითხოვ დაუყოვნებლივ გადმომცეთ ალექსეის ცხედარი, რომ ადამიანურად დავკრძალო,“ - ამბობს ლუდმილა ნავალნაია.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა.
„მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური.
ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.
ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ.
ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა. 19 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს.