ოლივერ ვარჰეი: კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს მიენიჭა, უკვე აჩვენებს სარგებელს

„კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს ორი თვის წინ მიენიჭა, უკვე აჩვენებს სარგებელს,“ – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ვარჰეიმ ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რა საკითხებზე შეთანხმდნენ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე.


„მიმაჩნია, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს მიენიჭა მხოლოდ და მხოლოდ ორი თვის წინ, უკვე აჩვენებს იმ სარგებელს, რაც მოაქვს სტატუსს. დივიდენდებიც მოაქვს არა მარტო საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. შევთანხმდით, რომ დავაჩქარებთ მუშაობის ტემპს, რათა შედეგები იყოს ევროკავშირისა და ცხრა რეკომენდაციის განხორციელების გზაზე, მოხდეს სამოქმედო გეგმის შესრულება, იქნება ეს ეკონომიკური, საინვესტიციო გეგმა თუ, ზოგადად, ქვეყანაში რეფორმების განხორციელება, რათა ქვეყანა ნამდვილად ევროპულ სახელმწიფოდ იქცეს და ევროპის ერთიანი ბაზრის წევრი გახდეს,“ – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.


როგორც ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, ეს ინვესტიციები უკვე ზრდის სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს.

„მიმაჩნია, რომ ეს გეგმა კიდევ უფრო მეტი პოტენციალის მქონეა და შეიძლება უფრო სწრაფად და უფრო მეტად იქნეს გამოყენებული ქვეყანაში. შესაძლოა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ხელშესახები პროექტი, რაც გვაქვს წინ, არის შავი ზღვის ელექტროენერგიის და ინტერნეტის ფართოზოლოვანი კაბელის პროექტი, ეს არის ის დიდი მასშტაბური პროექტი, რომელიც იქნება სახელმძღვანელო სხვა პარტნიორებისთვის. არა მარტო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, არამედ სხვა ქვეყნებში, სხვა რეგიონებში. ეს მოდელი არის სამაგალითო ყველა პარტნიორისთვის“, – განაცხადა ვარჰეიმ.


ევროკომისრის განცხადებით, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე საუბარი იყო სატრანსპორტო კავშირებზე, სადაც ახალი სავაჭრო კავშირები და მარშრუტები არის გადამწყვეტი. მისი თქმით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ახალი სავაჭრო მარშრუტის ცენტრი გახდეს.


„ამისთვის გვჭირდება შავი ზღვა, რომ იქცეს ახალ დერეფნად ევროპისკენ. ამისთვის ჩვენ გვჭირდება საპორტო ინფრასტრუქტურის შეკეთება და გაუმჯობესება. ასევე, ვახსენე უახლოესი ნაბიჯები, რაც გულისხმობს ღია შესაძლებლობას საქართველოსთვის, პირველ ორ სფეროს, სადაც უკვე გვაქვს წინსვლა, ეს არის როუმინგი და ევროპაში პირველი ანგარიშსწორების მექანიზმები. როუმინგი არის ის სფერო, სადაც საქართველოს მთავრობამ ძალიან დიდი ტემპით განახორციელა ნაბიჯები, ანგარიშსწორების სისტემა არის ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ ურთიერთჩართვა ვიქონიოთ და ამით როუმინგის ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება.


ეს იქნება ის საეტაპო ცვლილება, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის იქნება ცხადი და შესამჩნევი ვიზალიბერალიზაციის შემდეგ; მეორე სფერო და მიმართულება, სადაც ვმუშაობთ, არის ანგარიშწორების სისტემა, აქ ჯერ კიდევ გვაქვს ნაბიჯები გადასადგმელი. საქართველო როგორც კი მზად იქნება, ჩვენ უკვე მზად ვართ. საუბარია საკანონმდებლო ნორმების დახვეწაზე, საბანკო სექტორში წესების გაუმჯობესებაზე. საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი და ჩვენ შეხვედრაზე ამაზე ბევრი ვისაუბრეთ, ჩვენ გადავდივართ უფრო დიდი სიჩქარით ახალი სიმაღლეებისკენ და ეს იქნა აღნიშნული,“ – განაცხადა ვარჰეიმ.