„არც დღე, არც საათი და არც წამი გვაქვს დასაკარგი, აქ ხალხი ყოველდღე კვდება“ - აშშ-ის ელჩი კონგრესს უკრაინის დახმარების დამტკიცებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ხელისუფლება, მათ შორის, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ცდილობს დააჩქაროს ახალი დაფინანსების დამტკიცება უკრაინის დასახმარებლად. მაგრამ არ არსებობს „გეგმა B“ იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი უარს იტყვის ინიციატივის მხარდაჭერაზე, ამბობს აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი.


„არა, ჩვენ არ გვაქვს "გეგმა B", რადგან ჩვენ ასი პროცენტით ვართ ორიენტირებულები "გეგმა A"-ზე. კონგრესი მხარს უჭერს პრეზიდენტის თხოვნას და პრეზიდენტი ხელს აწერს დამატებით მოთხოვნას უკრაინასთან დაკავშირებით," - აღნიშნა ბრინკმა.


ელჩის თქმით, კონგრესზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად შეძლებს აშშ უკრაინის დახმარებას. ბრინკმა ასევე აღნიშნა, რომ ორჯერ ესაუბრა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს. მისი თქმით, „ის მხარს უჭერს უკრაინას“ და ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა წააგო ეს ომი.

„ჯერ ვერ გეტყვით ზუსტ დროს. მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ - პრეზიდენტი და ყველა ჩვენ, ვინც მის ადმინისტრაციაში ვმუშაობთ - ჩვენ ძალიან ვცდილობთ ამ საკითხის რაც შეიძლება სწრაფად გატანას. ჩემი გზავნილი იყო: დასაკარგი დრო არ არის, დასაკარგი არც დღეა, არც საათი, არც ერთი წამი. აქ ხალხი ყოველდღე კვდება,“ - დასძინა დიპლომატმა.


შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 2023 წლის 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის, 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.


ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.