"დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ჯგუფის, Freedom House-ის ახალი ანგარიში ერთგვარი გამოსაფხიზლებელია ჩვენთვის. მსოფლიოში ავტორიტარიზმი და ნაციონალიზმი იზრდება, მთავრობები ნაკლებად გამჭვირვალე ხდება და ხალხის ნდობას კარგავს", -ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ბლინკენმა აღნიშნა, არჩევნები სულ უფრო ხშირად ხდება ძალადობის აალების წერტილი, კორუფცია იზრდება. პანდემიამ კი ეს ტენდენციები დააჩქარა.
"დემოკრატიის ეროზია არა მარტო სხვა ქვეყნებს, არამედ ამერიკასაც აწუხებს. აქ დეზინფორმაცია მძვინვარებს, რასიზმი და უთანასწორობა მილიონობით ადამიანის ცხოვრებას აუარესებს...
ჩვენი დემოკრატიის გაძლიერება საგარეო პოლიტიკის აუცილებელი ნაწილია. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმას გავაკეთებთ, რაც ჩვენს მოწინააღმდეგეებსა და კონკურენტებს, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი სურთ, რომლებიც იყენებენ ყველა შესაძლებლობას, რომ ეჭვი შეიტანონ ჩვენი დემოკრატიის სიძლიერეში“, - აღნიშნა ბლინკენმა.