საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა მიწვეული პარლამენტის მიერ, არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს და სახელმწიფოს ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიეგო იუნკერების ხსოვნისათვის.“
„დღეს, 13:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების მემორიალს გვირგვინით შეამკობს და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას, რის შემდგეგაც პრეზიდენტი ყვავილებით შეამკობს პარლამენტის სასახლის ფასადზე განთავსებულ იუნკერების მემორიალურ დაფას.
სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა მიწვიეული პარლამენტის მიერ, არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს და სახელმწიფოს ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიეგო იუნკერების ხსოვნისათვის,“ წერს ადმინისტრაცია.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ „სალომე ზურაბიშვილის მიწვევა გათვალისწინებული არ ყოფილა“.
მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად, იყო თუ არა ეს დაკავშირებული მანამდე სალომე ზურაბიშვილისთვის მთავრობის უნებართვო ვიზიტების გამო იმპიჩმენტის გამოცხადებასთან, პარლამენტის სპიკერმა უპასუხა: „რაც შეხება მის მიერ კონსტიტუციის დარღვევას და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს მის საქციელთან დაკავშირებით, ეს სხვა საკითხია, რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, კიდევ ერთხელ ვამბობ შარშან ის მოწვეული იყო, არ გამოცხადდა ამ ღონისძიებაზე და წელს მისი მონაწილეობა გათვალისწინებული არ ყოფილა.“
სალომე ზურაბიშვილი, შარშან არ დასწრებია პარლამენტში ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. 2022 წელს კი, მონაწილეობდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების მემორიალს გვირგვინით შეამკობს, პატივს მიაგებს მათ ხსოვნას. პრეზიდენტი ასევე ყვავილებით შეამკობს პარლამენტის სასახლის ფასადზე განთავსებულ იუნკერების მემორიალურ დაფას.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა.
დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება.
საქართველოს პარლამენტმა 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოაცხადა 2010 წლის 21 ივლისს მიღებული დადგენილებით.