ლატვიაში დისკუსია მიმდინარეობს Gruzija-ს საქართველოთი შეცვლაზე

ლატვიის ენის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა, მარის ბალტინსმა სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომისიის სხდომაზე დეპუტატებს მოუწოდა, თავი შეიკაონ საქართველოს მეორე დასახელების გამოყენებისგან. „დელფის“ ცნობით, მან აღნიშნა, რომ ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს სპარსული ენიდან, ხოლო სახელწოდება „Georgia“, რომელიც გამოიყენება დასავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ენებში, სპარსული სახელის ბერძნული ვერსიაა.


ბალტინსმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ საქართველოს ოფიციალური სახელი არ შეუცვლია. მისი თქმით, „საქართველო“ შეიძლება, გამოიყენებოდეს პოეტური მნიშვნელობით, ამასთან, საქართველოს ეროვნული დღესასწაულიც მიულოცონ, მაგრამ ბალტინსის რეკომენდაციაა, რომ დეპუტატებმა ოფიციალურად, თავი შეიკაონ მეორე სახელის გამოყენებისგან.

დეტალბი არ არის ცნობილი, გაითვალისწინებს თუ არა საბოლოოდ მის რეკომენდაციას სეიმი, თუმცა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების პირველი დეპარტამენტის დირექტორმა ულდის მიკუცმა აღნიშნა, საკითხი არ არის პოლიტიკური და ლინგვისტთა შეხედულებისამებრ უნდა გადაწყდეს, ამიტომ, სახელმწიფო ენის ცენტრის ხელმძღვანელის აზრი გასათვალისწინებელია.