ანაკლიის პროექტი გვჭირდება არამხოლოდ როგორც საპორტო პროექტი, არამედ - გეოპოლიტიკური დერეფანი - ბათუ ქუთელია

„ანაკლიის პროექტი საქართველოს სჭირდება არა როგორც საპორტო პროექტი, არამედ, როგორც გეოპოლიტიკური დერეფანი", - ამის შესახებ Europetime-ს „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ განუცხადა.

„სამხრეთ კავკასია ერთიანი გეოპოლიტიკური რეგიონი არ არის ბევრი მიზეზის გამო. შავი ზღვა კი უფრო გეოპოლიტიკური ერთეულია. ამიტომ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს საქართველო თვითიდენტიფიცირდეს შავი ზღვის რეგიონის ევროპულ ქვეყნად. კონკრეტულ პროექტებს თუ გადავხედავთ, აქ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი ისაა, რომ გარდა ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სამხრეთ დერეფნისა, არსებობს ლოგისტიკური დერეფნის საკითხიც. აი სწორედ ამ ლოგისტიკურმა დერეფანმა ეფექტურობა რომ შეიძინოს, ქვეყნას „გრანდ სტრატეგია“ სჭირდება, რომელშიც უნდა შედიოდეს ანაკლიაც. ანაკლია არა როგორც საპორტო პროექტი, არამედ, როგორც გეოპოლიტიკური დერეფანი. „სტრატეგიქ ქონექტივიტი“, აი ეს „სტრატეგი ქონექტივიტი“ უნდა იყოს მთავარი იდეა, რომლითაც ჩვენ გეოპოლიტიკურ ფუნქციას შევიძენთ", - აღნიშნავს ბათუ ქუთელია.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი 2014 წლის 5 აგვისტოს დაიწყო, როდესაც მთავრობამ პორტის მშენებლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. 2016 წლის 8 თებერვალს სამთავრობო კომისიის მიერ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა ქართულ-ამერიკული კომპანია შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (TBC Holdings and Conti Group). გამარჯვებულ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმებას ხელი მოეწერა 2016 წლის 3 ოქტომბერს.

2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა. კონსორციუმმა ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, საქართველოს მთავრობას ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა.

როგორც Europetime-ს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ (TBC Holdings and Conti Group) განუცხადეს, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში ორი საარბიტრაჟო სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ, საწყის ეტაპზეა და მისი განხილვა შესაძლოა რამდენიმე წელი გაგრძელდეს.

„გარდა იმისა, რომ მთავრობა სერიოზულ ფინანსურ რისკზე დგება, საარბიტრაჟო განხილვის დროს კარგად არის გააზრებული, რომ არც ერთი ლეგიტიმური დეველოპერი, ინვესტორი ან გამსესხებელი არ დაინტერესდება ანაკლიის ახალი და ცალკე პორტის პროექტით. ამ ეტაპზე მთავრობის მხრიდან ყველაზე ჭკვიანი ნაბიჯი იქნება, კონსორციუმთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება”, - განაცხადეს კონსორციუმში.

დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ინვესტორის შესარჩევად ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.