მთავრობა ანაკლიის პორტის ასაშენებლად ტენდერს გამოაცხადებს

მთავრობა ანაკლიის პორტის ასაშენებლად ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„არაერთხელ გადავადდა ძირითადი და სხვადასხვა ვალდებულება. მათ შორის ძირითადი ვალდებულება გადავადდა სამჯერ. ასევე მთავრობამ გამოისყიდა და ინვესტორს გადასცა 58 მლნ ლარის ღირებულების საინვესტიციო ღირებულება. ჩვენ ავიღეთ პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის ვალდებულებაც.

გზების დეპარტამენტს ეს პროექტი უკვე მზად აქვს. გარდა ამისა, დამატებით „საპარტნიორო ფონდი“ მზად იყო, ინვესტორისთვის გამოეყო სუბორდინირებული სესხი 100 მლნ დოლარის ოდენობით, იმ პირობით, თუ ინვესტორი აღებული ვალდებულების შესრულებას შეძლებდა. თუმცა, მოგეხსენებათ, ინვესტორმა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა. მათ ვერ შეძლეს საჭირო კაპიტალისა და 400 მლნ დოლარის ოდენობის სასესხო დაფინანსების მოძიება.

ჩვენ ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დავიწყებთ. ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სააგენტო ტენდერის გამოსაცხადებლად კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს დაიწყებს. რაც ასევე მნიშვნელოვანია, დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რომელიც დახმარებას გაგვიწევს ინვესტორის შერჩევის პროცესში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შექმნილი გეოპოლიტიკური სიტუაციის გათალისწინებით, ანაკლიის პორტის პროექტის დაჩქარებული ტემპებში განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობენ ანალიტიკოსები და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტები.

Europetime-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ზურა ბატიაშვილი აღნიშნავს, რომ ანაკლიის პორტის პროექტს ინვესტიციების მოზიდვის პრობლემა არ ჰქონია არასდროს და მხოლოდ პოლიტიკური ნების პრობლემა იყო.

"როგორც გამოჩნდა, რუსეთის ფაქტორი იყო გათვალისწინებული, რაც ძალიან არასწორია. ჩვენ თუ რუსეთის ნებაზე ვიარეთ, ამ ქვეყნისგან აღარაფერი დაგვრჩება. ყველა ქვეყანას თავისი ეროვნული ინტერესები აქვს. ამ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს და გრძელვადიანად უნდა თვლიდეს, რა არის მისთვის სასარგებლო და რა არა. ანაკლიის პორტი სასწრაფოდ არის ასაშენებელი", - აღნიშნავს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი.

მისი თქმით, მაშინ როცა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით, თურქეთიდან ჩინეთის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა უკვე დაიწყო. რაც დრო გავა, ამ ტვირთის მოცულობა მოიმატებს და დროულად უნდა განხორციელდეს ანაკლიის პორტის პროექტი, რადგან ბათუმის და ფოთის პორტები შავ ზღვაში შემოუსლი გემების 75 პროცენტს გარკვეული მიზეზების გამო ვერ იღებენ.

"ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ეს არის ევროპასა და ჩინეთს შორის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე გზა. 21-ე საუკუნეში კი, ეს ორი დიდი ეკონომიკა, დასავლეთით ევროპა და აღმოსავლეთით ჩინეთი ვითარდება და ბუნებრივია რომ მათ შორის ტვირთბრუნვა იზრდება.ამ ტვირთბრუნვას საქართველო რეალურად ვერ წაუვა. ყველა დათვლით, იმხელა ბრუნვა იქნება, რომ იგივე ანაკლიის პორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სასწრაფოდ გვაქვს ასაგები. სასწრაფოდ გვჭირდება ანაკლიის პორტის ასაშენებლად მუშაობის დაწყება. სამწუხაროდ ძალიან გაიწელა დროში, ანაკლიის პროექტის განხორციელება.

Europetime-სთან საუბარში საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტის და ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე აღნიშნავს, რეგიონში დაწყებულია გარკვეული გეოპოლიტიკური ცვლილებები, რომელთა გამოყენებასაც რუსეთის ცდილობს, კერძოდ, ახალი სატრანსპორტო დერეფნების შექმნას, საქართველოს გვერდის ავლით, ისე რომ მოხდეს საქართველოს იზოლაცია.

"ვგულისხმობ დერეფანს, რომლითაც რუსეთი აზერბაიჯანის გავლით შეძლებს დაუკავშირდეს თურქეთს, რკინიგზით. და პირიქით. პირველი იდეა ის იყო, რომ სომხეთ აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის დასრულების შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს ახალი სატრანსპორტო კავშირები, რომლებიც აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას, კავშირებს ნახიჩევანთან და ამგვარად. თურქეთი და აზერბაიჯანი შეძლებენ ერთმანეთთან დაკავშირებას. თურქეთს და აზერბაიჯანს ერთმანეთთან პირდაპირი კავშირის პრობლემა აქამდეც არც ჰქონიათ. ახლახან დასრულდა ბაქო-თბილის-ყარსის მშენებლობა. ეს ახალი მარშრუტი რუსეთისთვის უფრო არის საინტერესო.

არ მინდა უფრო მეტი დეტალი გავაჟღერო. რეალურად რუსეთის ინტერესია აზერბაიჯანთან ერთად შეასრულოს კასპიის ზღვისა და შავი ზღვის ქვეყნების დამაკავშირებელი როლი და საქართველოს მაქსიმალური იზოლირება მოხდეს, იმისთვის, რომ ამით საქართველოს დაუკარგოს საერთაშორისო ფუნქცია, რომლის გამოც მას, როგორც საერთაშორისო ერთეულს, უფრო მაღალი ფასი აქვს, სხვა ქვეყნების თვალში" - განმარტავს გიორგი ბადრიძე.

როგორც Europetime-ს „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ განუცხადა, თუ ვამბობთ რომ გეოპოლიტიკურად, ევროპული ტიპის ქვეყნის იდენტიფიკაცია გვინდა, ეს მარტო განაცხადი არ უნდა იყოს. ამას, თან უნდა ახლდეს კონკრეტული ქმედებები და შესაბამისი პროექტები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა ანაკლიის პორტი.

"კონკრეტულ პროექტებს თუ გადავხედავთ, აქ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი ისაა, რომ გარდა ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სამხრეთ დერეფნისა, არსებობს ლოგისტიკური დერეფნის საკითხიც. აი სწორედ ამ ლოგისტიკურმა დერეფანმა ეფექტურობა რომ შეიძინოს, ქვეყნას „გრანდ სტრატეგია“ სჭირდება, რომელშიც უნდა შედიოდეს ანაკლიაც. ანაკლია არა როგორც საპორტო პროექტი, არამედ, როგორც გეოპოლიტიკური დერეფანი. „სტრატეგიქ ქონექტივიტი“, აი ეს „სტრატეგი ქონექტივიტი“ უნდა იყოს მთავარი იდეა, რომლითაც ჩვენ გეოპოლიტიკურ ფუნქციას შევიძენთ", - აღნიშნავს ბათუ ქუთელია.

Europetime-თან საუბრისას ეკონომიკის საკითხების სპეციალისტი დემურ გიორხელიძე აღნიშნავს, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის, ახალი ინვესტორების მოძიება ხელისუფების პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან პორტის ირგვლივ დიდი რესურსის მქონე ინვესტორები თავისთავად ჩნდებიან, პროექტის გლობალურობიდან გამომდინარე.