2 წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან, ჩვენც გადავიტანეთ ერთგვარი ომი - კობახიძე

24 თებერვალს 2 წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. კიდევ ერთხელ ვუცხადებ სოლიდარობას ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიისა და უდიდესი უსამართლობის მსხვერპლად იქცა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


„გავიხსენეთ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ გმირულად მებრძოლი და დაღუპული იუნკერები, ახალგაზრდა ბიჭები, ახალგაზრდა გოგოები, რომლებმაც დაგვიტოვეს პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის და სამშობლოსთვის თავგანწირვის განსაკუთრებული მაგალითი. კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს მათ ხსოვნას.


24 თებერვალს 2 წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. კიდევ ერთხელ ვუცხადებ სოლიდარობას ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიისა და უდიდესი უსამართლობის მსხვერპლად იქცა. დაიღუპა ძალიან ბევრი უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, მათ შორის ასობით ბავშვი.

დევნილად ან ლტოლვილად იქცა 10 მილიონზე მეტი უკრაინელი, რომელთა უდიდესი უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. განადგურდა უკრაინის ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, დღეს ოკუპაციის ქვეშაა ორნახევარჯერ მეტი ტერიტორია, ვიდრე რუსეთს ომის დაწყებამდე ჰქონდა ოკუპირებული. ეს ყველაფერი შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია მშვიდობის ფასი.


ამ ორი წლის მანძილზე ჩვენც გადავიტანეთ ერთგვარი ომი. ეს იყო ომი რადიკალური ოპოზიციის და მისი მეგობრების წინააღმდეგ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. მადლობა ღმერთს ამ ურთულეს ომში გაიმარჯვა სახელმწიფომ, გაიმარჯვა ხელისუფლებამ და ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს მშვიდობა, რომელიც საფუძველს ქმნის ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისთვის, შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.