ბელორუსის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო კმაყოფილია რუსეთთან და ბელორუსთან საქართველოს „ნორმალური ურთიერთობებით“. ამის შესახებ მან 26 თებერვალს სომხეთის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
მანამდე ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (რუსული აბრევიატურა - ОДКБ) წევრობა გაყინა.
„მადლობა ღმერთს [საქართველოს] ნორმალური ურთიერთობა უყალიბდება, უპირველეს ყოვლისა რუსეთთან, ჩვენთან, ეკონომიკა იზრდება, გასინჯეს იოლი პური დასავლეთში. ამერიკელებმა უკვე დაავიწყდეს საქართველო. როგორც კი ქართველები გაინძრნენ იმ მხრივ, რომ ეს მათი ქვეყანა თავისუფალი და სუვერენულია, დასავლეთმა დაიწყო მათზე ზეწოლა, მათ შორის და უპირატესად აშშ-მ. ასე რომ, უნდა გამოიტანო შესაბამისი დასკვნა. ისინი დასავლეთში არავის სჭირდება, იქ ათასი პრობლემაა,“- ამტკიცებს ლუკაშენო.
„გასვა ადვილია, მაგრამ შევლა რთული იქნება. მაგალითი ისევ და ისევ საქართველოა. გავიდა ის დსთ-დან და ყველა სტრუქტურიდან. ეს რა მისთვის უკეთესია? არა, სასურველია, დაბრუნდეს. მაგრამ დაბრუნება ყოველთვის უფრო რთულია. სახის დაკარგვაცაა და სხვაც,“ აღნიშნა ლუკაშენკომ.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთმა არაერთი ალტერნატიული კავშირის იდეა წამოაყენა და ყოფილი „მოძმე რესპუბლიკების“ ერთად თავმოყრა არაერთ ფორმატში სცადა. 1991 წელს რუსეთის ინიციატივით შეიქმნა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ, СНГ). საქართველო დსთ-ს წევრი 1993 წელს გახდა. ქვეყანამ ორგანიზაცია 2009 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა. 2018 წელს დსთ დატოვა უკრაინამაც. მოლდოვას ამ მიმართულებით მუშაობა აქვს დაწყებული.
ლუკაშენკო 1994 წლიდან ხელისუფლებაშია. მის რეჟიმს არაერთხელ დასდეს ბრალი ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპოზიციის ხმის ჩახშობაში. ბოლო არჩევნების დროს, 2020 წელს, ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ლუკაშენკოს რეჟიმი ჩართული იყო საარჩევნო გაყალბებაში, რათა ხელისუფლება შეენარჩუნებინა. ევროკავშირი მას ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ მიიჩნევს. დასავლეთი ბელორუსს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნევს.