სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა განაცხადა, რომ შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი. როლანდ პრაისის თქმით, საქართველო არის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა შუა დერეფანში.
„დღეს ჩვენ ვიწყებთ კვლევას შუა დერეფნის პოტენციალზე. მთავარი აღმოჩენა უკვე არის შესაძლებლობა, გავასამმაგოთ ვაჭრობა და გავანახევროთ მგზავრობის დრო 2021 წლის ვაჭრობისა და მგზავრობის მონაცემებთან შედარებით.
შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი. ამას გარკვეული დრო და ინვესტიციები დასჭირდება. რაც მთავარია, დასჭირდება თანამშრომლობა მხარეებს შორის, როგორც საჯარო, ისე კერძო პირებთან.
საქართველოს როლს რაც შეეხება, საქართველო არის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო, ყაზახეთი და აზერბაიჯანი სამი ძირითადი ქვეყანაა შუა დერეფანში. რა იქნება 2030 წელს?
ჩემი შეხედულება ასეთია, რომ ჩვენ გვჭირდება საერთო ხედვა. ვსაუბრობთ კომერციაზე, კერძო სექტორზე. როგორც კი იქნება საერთო ხედვა და საერთო ვალდებულება ამ დერეფნის განვითარების შესახებ, ვფიქრობ, არაფერი იქნება შეუძლებელი.
შუა დერეფანი შეიძლება, გამოვიყენოთ არამხოლოდ როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ევროპიდან აზიაში საქონლის შემოტანის მიზნით, არამედ, ის დაეხმარება რეგიონთაშორისი ვაჭრობის განვითარებას. ასე რომ, ეს ნამდვილად არის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა შუა დერეფნის რეგიონის ქვეყნებისთვის,“ – განაცხადა როლანდ პრაისმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
27 თებერვალს, თბილისში, რეგიონული ღონისძიება ჩატარდა, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ კვლევას ეძღვნებოდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის მთავრობის წარმომადგენლები, ასევე, სახელმწიფო საწარმოები, კერძო სექტორი და ანალიტიკური ცენტრები.
მსოფლიო ბანკის კვლევის ძირითად შედეგებს რეგიონულ ღონისძიებაზე განიხილავენ. ამ ღონისძიების მიზანია რეგიონული მიდგომის შემუშავება დერეფნის ოპერატიული ეფექტიანობის გაზრდისა და არსებული პრობლემების დასაძლევად.