"არც ერთი წუთით არ არის დასაშვები, რომ ბენეფიციარი ძალადობის ან არასათანადო მოპყრობის რისკის ქვეშ იდგეს", - დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია სახალხო დამცველის ანგარიშს ეხმაურება, სადაც თბილისის ფსიქიკურ სამედიცინო ცენტრში არსებულ მძიმე მდგომარეობაზეა საუბარი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, დაუშვებელია რომელიმე ბენეფიციარი დაწესებულებაში რაიმე სახით ძალადობის ან არასათანადო მოპყრობის რისკის წინაშე იდგეს.
"არც ერთი წუთით არ არის დასაშვები ის, რომ ბენეფიციარი დაწესებულებაში იდგეს ძალადობის ან არასათანადო მოპყრობის რისკის ქვეშ. ამას აქამდეც დიდ ყურადღებას უთმობდა დაწესებულების მენეჯმენტი. ჩვენ ვმუშაობთ ფრანგ კოლეგებთან იმისთვის, რომ განახლდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია.
აქ მთავარი გადაწყვეტა ამ პრობლემებისთვის გახლავთ დეინსტიტუციონალიზაციის საკითხი და ის, რომ ასეთი დიდი ზომის ინსტიტუციები, როგორიც არის თუნდაც გლდანის სამედიცინო დაწესებულება, შეიცვალოს სხვაგვარი დაწესებულებებით, მეტად სათემო სერვისით, თუ ეს არის ქრონიკულ პაციენტებთან მიმართებაში და ინტეგრირებული მწვავე მოვლის დაწესებულებებით მრავალპროფილურ სერვისებში," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და პაციენტთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა შეისწავლეს.
სახალხო დამცველი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არსებულ ვითარებაზე სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტები ძალადობისგან დაუცველნი არიან.