რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ხმის მიცემას 17 მარტს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო ვერ შეძლებენ, ნათქვამია თბილისში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის განცხადებაში.
„აგვისტოს ომის“ და დიპლომატიურო ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ, საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს არ ჰქონიათ მათ ქვეყანაში გამართულ არცერთ კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
საქართველოსთან ყველაზე ახლოს საარჩევნო უბნები სომხეთში, ერევანში რუსეთის საელჩოსა და გიუმრის საკონსულოში, ასევე თურქეთში გაიხსნება.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის ომის შემდეგ შეწყდა. რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ჯარები ქვეყნის ტერიტორიიდან.