კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი შავი ზღვის დაბინძურებისთვის 65 000 ლარით დააჯარიმეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ფოთის სასამართლომ კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი სამართალდამრღვევად სცნო და 65 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

უწყების ცნობით, გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 2000 ლარამდე შეადგინა.

"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (მუხლი 58 პრიმა 2, მე-7 ნაწილი) საფუძველზე, ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად სცნო და 65 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.


კამერუნის დროშის ქვეშ მცურავ გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა," - ნათქვამია გარემოსდაცვითი დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლევან ჯღარკავას თქმით, მიმდინარე წელს, უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ ზღვის დაბინძურების უკვე 2 ფაქტია გამოვლენილი.


„საქართველოს პარლამენტი განიხილავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომზადებულ საკაონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც გემების მიერ ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმის 100 ათას ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ზღვის დაბინძურების პრევენცია, შავი ზღვის ქვეყნებთან ამ მიმართულებით საჯარიმო სანქციების ჰარმონიზება და ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანაა,“ - განაცხადა ლევან ჯღარკავამ.