Meta-ს პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის (Ad Library) მონაცემების მიხედვით, 2023 წლის პირველი ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში Facebook-ისა და „ინსტაგრამის“ პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 846-მა გვერდმა/ანგარიშმა განათავსა, 288-ით მეტმა, ვიდრე წინა კვარტალში.
რეკლამების ბიბლიოთეკაში მოცემულ პერიოდში ამ გვერდების მიერ განთავსებული 8 139 რეკლამა იძებნება, რაც 56%-ით აღემატება წინა კვარტალში განთავსებული რეკლამების რიცხვს. გამოქვეყნებული რეკლამების ჯამური ღირებულება 279 441 აშშ დოლარია, 69%-ით მეტი წინა კვარტალის დანახარჯებზე.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) რეკლამების რაოდენობის, მათი განმათავსებლებისა და დანახარჯების კვარტალურ მიმოხილვას აქვეყნებს.
ISFED-ის ცნობით, ყველაზე დიდი დანახარჯების მქონე გვედრები იყო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ქართული ოცნება, ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი ვაშაძე, TV იმედი და სხვა.