რუსეთზე დაწესებული სანქციების შესაძლო არიდებაზე, სენატში იმსჯელეს: რა ითქვა საქართველოზე

27 თებერვალს აშშ-ის სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტმა რუსეთის მიერ ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის საკითხზე იმსჯელა. მოკვლევა, რომელსაც კომიტეტი ატარებს, ოთხ ამერიკულ კომპანიას ეხება.


საუბარია კომპანიებზე, რომლის დეტალებიც რუსულ საბრძოლო მასალებში შენიშნეს. ვარაუდობენ, რომ ეს ნაწილები მოსკოვს მეზობელი ქვეყნების გავლით მიეწოდება. სენატორმა რონ ჯონსონმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ რუსეთის სამხედრო შეიარაღებაში არის ბევრი დასავლური ქვეყნის კომპონენტი.


სენატორი რონ ჯონსონი: დღევანდელი მოსმენა ხაზს გაუსვამს აშშ-ს რუსეთისადმი დაწესებული სანქციების კიდევ ერთ წაუმატებლობას. ექსპორტზე დაწესებული ფართო კონტროლის მიუხედავად, ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ რუსეთის სამხედრო შეიარაღებაში არის ბევრი დასავლური ქვეყნის კომპონენტი. 14 რუსულ სამხედრო აღჭურვილობაში აღმოჩენილი თითქმის 2800 უცხოური კომპონენტის 70 პროცენტზე მეტი, სავარაუდოდ, ამერიკული ფირმებისგან იყო.


სიცხადისთვის, ქვედა კომიტეტს არ მიუღია რაიმე სახის მტკიცებულება, რომ სამხედრო კომპონენტების, როგორიცაა ნახევარგამტარები, მწარმოებლები აშშ-ს ექსპორტის კონტროლს არღვევენ.

ამის ნაცვლად, წინასწარი ინფორმაციით, როგორც ჩანს, არასანქცირებული ქვეყნები, კერძოდ სომხეთი, ფინეთი, საქართველო, ყაზახეთი და თურქეთი აშშ-დან კომპონენტების იმპორტირებას ლეგალურად ახდენენ, შემდეგ, პირდაპირ, ან ირიბად, რუსეთში ნახევარგამტარები საბოლოო მომხმარებლამდე ექსპორტად გააქვთ. რუსეთის შესაძლებლობა, გვერდი აუაროს ამ და სხვა ექსპორტის კონტროლს, ხაზს უსვამს ბაიდენის ადმინისტრაციის სანქციების არაეფექტიანობას.