პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს

დროა, ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ახლახანს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც შევიდა აბზაცი, სადაც ევროპარლამენტარები სააკაშვილის კანონიერი პატიმრობიდან ვადამდე გათავისუფლებას მოითხოვენ „ჰუმანიტარული ნიშნით“, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს. ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, ცვლილების სავარაუდო ავტორმა, აღნიშნა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი არის „პუტინის პირადი მტერი და პატიმარი“. რამდენიმე დღის წინ, მიუნხენის უსაფრთხოების ბოლო კონფერენციაზე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიკორსკიმ მსგავსი სამწუხარო კომენტარი გააკეთა სააკაშვილის შესახებ, როდესაც ასევე სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვა და მას "საქართველოს მოდერნიზაციის სიმბოლო" უწოდა.


ეს სიახლე არ არის. ამგვარი მოწოდებები ადრეც გვესმოდა და ვიცით, რომ ისინი უშედეგოა. ამგვარი განცხადებების ავტორები საერთოდ ვერ ხვდებიან სააკაშვილისა და მისი უცხოელი მფარველების მიმართ ქართული საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან ნეგატიურ დამოკიდებულებას. მაშინ, როდესაც სააკაშვილის ლობისტები მიესალმებიან საქართველოს ექსპრეზიდენტის „დამსახურებებს“, ქართველების უმეტესობისთვის ყველაფერი დიამეტრალურად საპირისპიროა. უფრო მეტიც, დასავლელი პოლიტიკოსების ასეთი აუხსნელი განცხადებები გარკვეულ კოგნიტიურ დისონანსს იწვევს, როდესაც ადამიანები იწყებენ კითხვას, თუ როგორ შეუძლია დემოკრატიულ დასავლეთს, კვლავ მხარს უჭერდეს ავტორიტარულ ფიგურას. ეს ასევე ბადებს ეჭვებს იმის შესახებ, ხომ არ არის დეკლარირებული „დასავლური ღირებულებები“ უბრალო ხრიკი გარკვეული გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად,“ წერს პაპუაშვილი, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობას იხსენებს და ამბობს, რომ „სააკაშვილის დასავლელი მეგობრები და მფარველები კვლავ ერთგულნი რჩებიან თავისივე შექმნილი მითისა, რაც მოწმობს, რომ მათ სრულიად დაკარგეს კავშირი რეალობასთან.“


მისივე შეფასებით, „ყოფილი და მოქმედი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც მხარს უჭერენ სააკაშვილს, ჩვეულებრივ მიუთითებენ ამ უკანასკნელის როლზე დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში, ინსტიტუციების მშენებლობასა და 2008 წელს რუსეთის შემოჭრის მოგერიებაში. სინამდვილეში, ეს ზუსტად ის საკითხებია, რომელთა დარღვევისთვისაც სააკაშვილი ქართველების უმეტესობისთვის ბოროტმოქმედად რჩება.“

„გარკვეული უცხოური ჯგუფების ან ცალკეული პირების დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ არის ლაკმუსის ტესტი, რათა განვასხვაოთ ღირებულებების ერთგული პოლიტიკოსები მათგან, ვინც მხოლოდ საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ მიზნებზე ზრუნავენ. უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილის სასტიკი რეჟიმის ლოიალურები იყვნენ, მაგრამ ახლა გაუმართლებლად აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“, სააკაშვილის მეგობრები არიან და არა საქართველოსი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა და კოლეგებმა საქართველოსთან ურთიერთობა აწარმოონ საერთო ღირებულებების, ან, სულ მცირე, საერთო ეროვნული ინტერესების საფუძველზე და არა პირადი სიმპათიების მიხედვით.


დადგა დრო, რომ ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს. ჩვენი შეკითხვა ევროკავშირისადმი იმაზეა, იზიარებენ თუ არა ისინი ჩვენს საერთო ღირებულებებს თუ ევროპარლამენტარების ვიწრო ინტერესებს ექვემდებარებიან. მიგვაჩნია, რომ მთავარი ჩვენი საერთო საქმეა -საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ,“ -წერს პაპუაშვილი.