რუსეთის პროპაგანდისტული ოპერაციები - რა წერია DFRLab-ის ანგარიშში საქართველოზე

დღეს, 29 თებერვალს ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიამ (DFRLab) გამოაქვეყნა კვლევა „უკრაინისთვის ძირის გამოთხრა: როგორ გააფართოვა რუსეთმა გლობალური საინფორმაციო ოპერაციები 2023 წელს“. DFRLab-ის კვლევა რეგიონების მიხედვით ასახავს რუსეთის პროპაგანდისტულ ოპერაციებს მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრა. საკვლევ რეგიონებს შორის სამხრეთ კავკასია და საქართველოც მოხვდა.

„DFRLab-ის მკვლევრების აზრით, მიზანმიმართული შეტყობინებების ტაქტიკას სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში, როგორც ჩანს, ჰქონდა ორმაგი მიზანი: უკრაინის მხარდაჭერის შერყევა, საზოგადოებების შიგნიდან გაყოფა და შიდა გავლენის მოპოვება. მაგალითად, პრორუსმა აქტორებმა გამოიყენეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიმართ არსებული კრიტიკა […] კრემლის ოფიციალურმა პირებმა, პროპაგანდისტებმა და Telegram-ის „ინფლუენსერებმა“ გააძლიერეს ანტისამთავრობო განწყობები და მოითხოვეს ფაშინიანისა და მისი მთავრობის დამხობა. აზერბაიჯანში კრემლმა გამოიყენა რუსულენოვანი გავლენა აკადემიის, გაცვლითი კურსებისა და უნივერსიტეტების მეშვეობით […]. საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით მთავრობამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გააფართოვა ურთიერთობა რუსეთთან, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური“, – ვკითხულობთ ანგარიშში. 

კვლევის მიხედვით, 2023 წელს რუსეთმა განაგრძო საინფორმაციო ოპერაციების გაფართოება ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში. კრემლმა სტრატეგიულად გამოიყენა ამ ტერიტორიებზე არსებული უთანხმოებები და მოვლენები, რათა შეესუსტებინა უკრაინა და გაეძლიერებინა რუსეთის გავლენა. რუსეთმა გამოიყენა სხვადასხვა ტაქტიკა სამიზნე ქვეყნის სპეციფიკურ სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტზე დაყრდნობით. 

„ჩვენ დავაკვირდით კიდევ ერთ საერთო ხაზს: ომის ხაზი სხვადასხვა ფორმას იძენდა, თუმცა საბოლოოდ ის აგებული იყო სამიზნე ქვეყნებში ომის შიშის გაძლიერებაზე. პოლონეთსა და უკრაინაში რუსეთი ცდილობდა უთანხმოების დათესვას ორი ქვეყნის პარტნიორობაში იმ დეზინფორმაციის გავრცელებით, რომ პოლონეთს აქვს მტრული ზრახვები უკრაინის მიმართ. მოლდოვაში რუსული პროპაგანდა მიანიშნებდა, რომ მოლდოვისა და უკრაინის ძალები გეგმავდნენ ჩარევას მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში. ანალოგიურად, 2022 წლიდან საქართველოს მთავრობამ რუსეთთან ომის შიში გამოიყენა უკრაინის ადგილობრივი მხარდაჭერის შესამცირებლად და თავისი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის გასაძლიერებლად“, – წერია ანგარიშში.

DFRLab-მა ერთმანეთის მსგავსი ტენდენცია შეინიშნა საქართველოსა და სომხეთში. მაგალითად, მიუხედავად დაძაბული ურთიერთობისა, სომხეთმა გააფართოვა სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან. 

საქართველოში 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირდაპირი ფრენების აკრძალვა მოიხსნა და ვაჭრობა გაიზარდა, განსაკუთრებით გაიზარდა ნავთობისა და გაზის იმპორტი. ორივე ქვეყანაში პროპაგანდისტული კამპანიები ცდილობდნენ თავიანთი მოსახლეობის მანიპულირებას, პარალელების გავლებით უკრაინაში არსებულ ვითარებასთან, წარმოაჩენდნენ მის გზას, როგორც ომისკენ მიმავალ გზას. საქართველოში სამთავრობო პროპაგანდა უფრო შორს წავიდა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) რევოლუციის მოწყობაში დაადანაშაულა, ეს ხაზი გავრცელებულია აზერბაიჯანშიც“, – ვკითხულობთ კვლევაში.

შემთხვევის შესწავლა: საქართველო

ანგარიშში სხვა რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ერთ-ერთი ქვეთავი საქართველოსაც ეხება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველომ გაზარდა ვაჭრობა რუსეთთან და ამავდროულად შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს. მთელი იმ წლის განმავლობაში, რუსული პროდუქტები შეადგენდა ქვეყანაში ნავთობისა და გაზის სექტორის მზარდ ნაწილს, რამაც ეკონომიკასთან დაკავშირებული ნარატივების გაძლიერებას შეუწყო ხელი.

როდესაც ქვეყანა 2024 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გაამძაფრა რიტორიკა, გააძლიერა ანტიდასავლური შეთქმულების თეორიები ქვეყანაში უცხოეთის მიერ მოწოდებული გადატრიალების მცდელობების შესახებ. ომის დაწყების შემდეგ მმართველმა პარტიამ გააძლიერა ანტიდასავლური რიტორიკა და შეეცადა მიეღო საკამათო კანონპროექტები, რომლებიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ჩახშობას.

2023 წლის მაისში რუსეთმა გააუქმა ქართული ავიაკომპანიის ფრენების აკრძალვა და სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ რუსეთში ფრენების აღდგენის შესახებ ევროკავშირისა და უკრაინის მხრიდან გამოიწვია კრიტიკა, ასევე გამოიწვია საპროტესტო აქციები საქართველოში. იმავე თვეში თბილისის მერიამ სანქცირებული რუსული კომპანია „კამაზისგან“ ოთხი მილიონ ლარზე მეტი (დაახლოებით 1,100,000 აშშ დოლარი) ღირებულების სატვირთო მანქანები შეიძინა. 24 მაისს კატარის ეკონომიკური კონფერენციის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშლება, თუ ქვეყანა რუსეთს ფართო ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უკვე უწესებდა უფრო ვიწრო ფინანსურ სანქციებს რუსეთს.


2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები რუსეთის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე. სიაში ასევე მოხვდა ოთარ ფარცხალაძე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელიც ქართველი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის ახლო წრეშია. ფარცხალაძეს სანქციები რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) თანამშრომელ ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად დაეკისრა. სანქციების შესახებ განცხადებაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ „ონიშჩენკომ და „ეფესბემ“ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“.

მოგვიანებით, იმავე შემოდგომაზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ჯგუფები საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ „გეგმავენ დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა“ და „2014 წელს უკრაინაში გამართული ,,ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარი“. მომდევნო განცხადებაში, სუსმა დაადანაშაულა USAID იმ პროგრამის დაფინანსებაში, რომელმაც სერბი ტრენერები საქართველოში ჩამოიყვანა, რათა ადგილობრივი აქტივისტებისთვის ესწავლებინათ ძალადობრივი ტაქტიკა ქვეყნის ხელისუფლების ჩამოშლისთვის. მოგვიანებით რუსულმა და აზერბაიჯანულმა პროსამთავრობო გამოცემებმა გამოიყენეს ეს ბრალდებები შეთქმულებების გასავრცელებლად, რომლითაც აშშ-ს ადანაშაულებენ საზღვარგარეთ რევოლუციების მოწყობაში.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა უკრაინა 2022 წლის საინფორმაციო ომში გამარჯვებულად გამოაცხადა, ეს არასოდეს ყოფილა ასე მარტივი, განსაკუთრებით გლობალურ კონტექსტში; მას დასრულებამდე ბევრი უკლია. DFRLab-ის ანალიზით, კრემლი და მისი მხარდამჭერები კვლავ ცდილობენ, შეარყიონ უკრაინის გლობალური პოზიცია, თამაშობენ გრძელვადიან თამაშს ქვეყნების დეზინფორმაციის სამიზნეში ამოღებით, რომლის მიზანიც უკრაინისთვის მოკავშირეების შემცირებაა.

რუსეთის ოპერაციების მასშტაბის გათვალისწინებით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობებმა მთელ მსოფლიოში – განსაკუთრებით მათ, ვინც მხარს უჭერს დემოკრატიულ ღირებულებებს – უნდა განიხილონ უკრაინის გარშემო მათი გადაწყვეტილებების პოტენციური გავლენა, როგორც საბოლოო ჯამში გლობალური საკითხი. „უკრაინისთვის გაწეული მეტი დახმარება გააძლიერებს გლობალურ დემოკრატიას, ხოლო მისი შემცირება ძირს გამოუთხრის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთლიანად დემოკრატიას“.


წყარო