მამუკა მდინარაძე: მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დაიცავს

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს,“ ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, კანონპროექტი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და დაინიცირდება პარლამენტში.

„კანონპროეტქში სრულად იქნება დაცული კონსტიტუციის მეორე მუხლის თავით გათვალისწინებუბული ნორმები.“

მდინარაძის განმარტებით, „არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართული პროპაგანდა არის ის, რასთან დაპირისპირებაც ჩვენი პასუხისმგებლობაა.“


 „წარმოებს პროპაგანდა იმის შესახებ, რომ ბავშვმა თავად უნდა აირჩიოს საკუთარი სქესი. მთელ რიგ სახელმწიფოებში დაკანონდა ბავშვებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციები და შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციებიც.“

„აქტიურად გამოიყენება ამ იდეოლოგიის გასავრცელებლად მსხვილი კომპანიები, მედიასაშუალებები, კინოინდუსტრია და ა.შ. მათ შორის ამის მაგალითები საქართველოშიც გვქონდა გახსოვთ ანიმაციურ ფილმებში, სატელევიზიო სერიალებში, თუ სხვა მიმართულებით. ამ პროპაგანდას არავითარი კავშირი არა აქვს ადამიანის უფლებების დაცვასთან. მისი მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ცხოვრების არატრადიციულ წესს. ფსევდოლიბერალური იდეოლოგია კი სერიოზული საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის, რასაც საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს.


ამდენად, საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამ პროპაგანდას აქტიურად უნდა დავუპირისპირდეთ და ამისათვის საკანონმდებლო მექანიზმებიც უნდა გამოვიყენოთ. შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს. კანონპროექტი უახლოესი 2 კვირის განმავლობაში მომზადდება და დაინიცირდება პარლამენტში. კანონპროექტში სრულად იქნება დაცული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული პრინციპები და ნორმები,“ განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში „საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები მაღალ დონეზე, განურჩევლად ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების წესისა.“

ამის მაგალითად მამუკა მდინარაძემ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება მოიყვანა.


მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებები გაიხსენა.

„2017 წელს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება შევზღუდეთ და საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ ჩავწერეთ, რომ ქორწინება, ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. ამის მიუხედავად, შეიძლება აღმოვჩნდეთ რეალობის წინაშე, როდესაც მოგვთხოვენ ე.წ. „სამოქალაქო პარტნიორობის“ დაკანონებას.

ჩვენ უკვე გვქონდა ისეთი შემთხვევაც, როდესაც უცხოელების მხრიდან ადგილი ქონდა ტერმინოლოგია „ქალისა და მამაკაცის და გენდერული თანასწორობის“ შემოღების მოთხოვნას და ჩვენ ამის უარსაყოფად საკმაოდ სერიოზული ბრძოლის გადატანა მოგვიხდა (ამის ჩაწერა ნიშნავდა, რომ მდედრობითისა და მამრობითის გარდა, სხვა სქესიც უნდა გვეღიარებინა) დღეს მსოფლიოში ფსევდოლიბერალები ილაშქრებენ ისეთი ტერმინების წინააღმდეგ, როგორიცაა დედა და მამა, ცოლი და ქმარი და ა.შ. ითხოვენ ე.წ. „გენდერულად ნეიტრალური“ ტერმინოლოგიის დანერგვას, როგორიცაა მშობელი 1 და მშობელი 2 და ა.შ. ამის ლოგიკური გაგრძელება იქნება მაგალითად პასპორტიდან სქესის შესახებ ჩანაწერის ამოღება.


ისინი საქართველოში ყოველწლიურად ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ე.წ. „პრაიდი“ მაშინ, როდესაც სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი ამას, სრულიად სამართლიანად, პროპაგანდად აღიქვამს და ე.წ. „პრაიდის“ ჩატარების წინააღმდეგია. მეტიც, ამგვარი აგრესიული პროპაგანდა პირიქით, უარყოფითად მოქმედებს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების უფლებების დაცვაზე,“განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.