რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა რადიო კომერსანტთან საუბარში რუსეთში არსებულ დემოგრაფიულ პრობლემებზე დასმულ კითხვებს უპასუხა. რუსეთის მთავრობის პროგნოზით, მოსახლეობის კლება 2030 წლამდე გაგრძელდება, 2020-2024 წლებში კი მოსახლეობა 1.2 მილიონით შემცირდება.
პესკოვმა თქვა, რომ პუტინი ამ პრობლემაზე მუშაობს. მან მოსახლეობის კლების მიზეზად ორი მოვლენა დაასახელა: მეორე მსოფლიო ომი და საბჭოთა კავშირის დაშლა.
"რატომ მცირდება მოსახლეობა? ობიექტური მიზეზები არსებობს. ეს ორი დემოგრაფიული ხვრელის თანხვედრაა: დიდი სამამულო ომის ხვრელის და 90-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის დაშლის ხვრელის. ეს ორი ხვრელი აჩრდილივით თან სდევს ჩვენს თანამედროვე ისტორიას. ისინი აქ თანხვდებიან და ამიტომ გვაქვს ასეთი ნეგატიური ტენდენციები". – თქვა მან.
პესკოვი ირწმუნება, რომ რუსეთის მთავრობა და განსაკუთრებით კი პრეზიდენტი პუტინი ყველაზე ენერგიულ ნაბიჯებს დგამენ შობადობის გასაზრდელად, თუმცა არასახარბიელო გარემოებები არსებობს, მათ შორის პანდემია. კითხვაზე, რატომ არ გამოიღო შედეგი პუტინის მიერ 13 წლის წინ შემოღებულმა ზომებმა და რატომ იყო კლება პანდემიამდეც, პესკოვმა თქვა, რომ ზომებს შედეგები მოჰყვა:
"დემოგრაფიისა და სოციოლოგიის სფეროში ნებისმიერი სპეციალისტი აგიხსნით, რომ არა ეს ზომები, მოსახლეობის კლება ბევრად უფრო სწრაფი იქნებოდა. მადლობა ღმერთს, ეს არ ხდება. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ 30 მილიონამდე ადამიანი დაკარგა მეორე მსოფლიო ომში და მარტივად რომ ვთქვათ, ცოტა ქალი გვყავს, ვისაც შვილის გაჩენა შეუძლია. სულ ესაა". – თქვა მან.