რატომ დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა, ამ საკითხს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მედიასთან განმარტავს.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომუნიკაციის მიმართულებით ის პრობლემას ხედავდა, მათ შორის, რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხთან მიმართებით.
„მქონდა მასთან საუბარი დღეს დილით. ვხედავდი პრობლემებს მართვის კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები არსებობდა. შესაბამისად, გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებდა,“ - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფართო კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს, თუ ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის პოსტს და აღნიშნავს, რომ მათ შორის საკითხი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილთან განიხილება.
„ჯერ არავითარი გადაწყვეტილება არ არის. ჩვენ გვექნება კონსულტაციები, როგორც გუნდის წევრებთან, ასევე, დარგის წარმომადგენლებთან. გვექნება ჯანსაღი პროცესი. გუნდის წევრებზე როცა მაქვს საუბარი, ჩვენი გუნდის ლიდერია ხომ საპატიო თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი და რა თქმა უნდა, სადაც არის საჭირო კონსულტაციები, პირველ რიგში, ბატონი ბიძინა არის წარმომადგენელი. ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი, ეს უნდა გადაწყდეს ფართო კონსულტაციების საფუძველზე,“ - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ სხვა მინისტრების საქმიანობით კმაყოფილია და მინისტრების ცვლილება მოსალოდნელი არ არის.
„ყველაფერი არის პროცესი, მაგრამ დღეს მკაფიოდ მინდა გითხრათ, რომ ყველა მინისტრის მუშაობით მე პირადად კმაყოფილი ვარ, როგორც გასული წლების განმავლობაში მათ მიერ გაწეული საქმიანობით,“ - აღნიშნა პრემიერმა.