5 თვის შემდეგ, დღეს პირველად, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფარგლებში შეხვედრა იმართება

5 თვის შემდეგ დღეს პირველად ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების შეხვედრა იმართება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ზვიად ზვიადაძემ განაცხადა: მოლაპარაკებების შედეგად იმედი აქვთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფალი გადმოსვლის საშუალება მიეცემათ და იმ სამედიცინო სერვისებზე წვდომა, რომელსაც ქართული მხარე მოსახლეობას სთავაზობთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე.

"რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია, რომ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების შეხვედრა იმართება დღეს, რადგანაც საკმაოდ დიდი რაოდენობაა დაგროვილი საკითხების, რომელზეც დღეს უნდა ვისაუბროთ. გარდა იმ საკითხებისა, რომელთა დაყენებასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აპირებს, საუბარი გვექნება ასევე ჰუმანიტარულ თემებზე და საჭიროებებზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს განსაკუთრებით გაუჩნდათ პანდემიის პირობებში.

ახალგორში მაცხოვრებელი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საკითხი იქნება დღეს ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველანაირი პირობა შევუქმნათ იმ ადამიანებს, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, ეს იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის თუ სხვადასხვა არხების მეშვეობით, საოკუპაციო რეჟიმთან ამ თემებზე უნდა ვილაპარაკოთ და მოვახერხოთ, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ თავისუფლად გადაადგილება კონტროლირებად ტერიტორიაზე“- განცხადა ზვიად ზვიადაძემ.