ილჰამ ალიევი: სამხრეთის გაზის დერეფანი ნამდვილად წარმატების ისტორიაა

„სამხრეთის გაზის დერეფანი უკვე სამი წელია ფუნქციონირებს, ეს ნამდვილად წარმატების ისტორიაა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი ევრაზიაში,“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში, სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-10 მინისტერიალის სხდომაში

„ეს პროექტი არის ენერგეტიკული უსაფრთხოების და თანამშრომლობის პროექტი, რადგან სამხრეთის გაზის დერეფნის მარშრუტზე მდებარე ყველა ქვეყანას შორის თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება,“ - განაცხადა ილაჰმ ალიევმა.



ცნობისათვის, სამხრეთის გაზის დერეფანმა ევროპაში ტრანსპორტირება აზერბაიჯანული გაზის 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ის კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირებას საქართველოსა და თურქეთის გავლით ახორციელებს. პროექტის ღირებულებამ პროგნოზირებულ $45 მილიარდთან შედარებით, $33 მილიარდი შეადგინა. SGC პროექტზე კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად ანაზღაურდება 8-10 წლის განმავლობაში. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ 2027 წლისთვის, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის მიწოდების მოცულობა გაზარდონ.

სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს.