ალიევი: ევროპისგან დიდი მოთხოვნაა აზერბაიჯანულ გაზზე, ბევრმა ქვეყანამ მოგვმართა

აზერბაიჯანის გაზი სტრატეგიულ როლს ასრულებს იტალიის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დეკარბონიზაციის უზრუნველსაყოფად, განაცხადა იტალიის გარემოსა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მინისტრმა გილბერტო პიჩეტო ფრატინმა პირველ მარტს, ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მე-10 მრჩეველთა საბჭოს მინისტრთა შეხვედრაზე. იტყობინება იტალიის საელჩო აზერბაიჯანში. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ და ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა.


დიპლომატიური მისია აღნიშნავს, რომ 2020 წლიდან აზერბაიჯანის 26 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი მიეწოდება იტალიას ტრანსადრიატიკის მილსადენით (TAP), საიდანაც 10 მილიარდი 2023 წელს იყო მიწოდებული.


„სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოების და ბუნებრივ აირთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა პროექტი ისე უნდა დაფინანსდეს, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არ შეილახოს. იყო და არის ევროპისგან დიდი მოთხოვნა აზერბაიჯანულ გაზზე,“ აღნიშნა თავის მხრივ, ალიევმა.

„ჩვენ ბევრმა ქვეყანამ მოგვმართა. როგორც ვთქვი, ჩვენს ბუნებრივ აირს უკვე ექვსი ქვეყანა იღებს. არის კიდევ რამდენიმე, სადაც გვაქვს მოლაპარაკებები. გაზი საჭიროა და გვაქვს რესურსი, გვაქვს ინფრასტრუქტურა. მე ვფიქრობ, რომ ევროპული ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსება, ყოველ შემთხვევაში, ამ პროექტის, რეალისტური მიდგომით უნდა მოხდეს და არ უნდა დაიჩრდილოს ზოგადი წიაღისეული საწვავის საწინააღმდეგო ტენდენციებით. ყველამ ვიცით, რაც ხდება. აზერბაიჯანი, როგორც ვთქვი, მწვანე ენერგიაზე გადასვლის აქტიურ ფაზაშია, მაგრამ ამავდროულად, ვერავინ უგულებელყოფს იმას, რომ წიაღისეული საწვავის გარეშე მსოფლიო ვერ განვითარდება, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში,“ - აზერბაიჯანის დასძინა პრეზიდენტმა.


სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-10 მინისტერიალის სხდომაში ქართული მხარეც მონაწილეობდა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველო სამხრეთის გაზის დერეფნის განვითარების პროექტის დაწყებისთანავე მისი აქტიური მონაწილეა და უწყვეტ პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს მას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად უწყობს ხელს აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის 2022 წლის 18 ივლისს გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული შეთანხმებების მიღწევაში, რომელიც მიზნად ისახავს აზერბაიჯანის გაზის მიწოდებას ევროკავშირში სამხრეთ გაზის დერეფნის მეშვეობით წელიწადში მინიმუმ 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდას 2027 წლისთვის (2021 წლის 8,1 მილიარდიდან).

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (სახელმწიფო შვილობილი ენერგეტიკული ლიდერი) ხელშეკრულება გააფორმა SOCAR-თან გაზის ნაკადების დროებით გადამისამართებაზე, რომლითაც საქართველო უფლებამოსილია, შეიძინოს გაზი SCP პროექტის ხელშეკრულებებით. შედეგად, ყოველწლიურად ხელმისაწვდომი გახდა დამატებითი გამტარუნარიანობა - დაახლოებით 1,1 მილიარდი კუბური მეტრი, რომელიც გამოიყენებოდა აზერბაიჯანის ბუნებრივი გაზის გაზრდილი ექსპორტისთვის ევროპის ქვეყნებში. „საქართველომ დაამტკიცა, რომ არის საიმედო პარტნიორი, რომლის ქმედებაც მიმართულია სტრატეგიული პარტნიორობის და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისკენ.


ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთის გაზის დერეფნის ინიციატივის სრულმასშტაბიანი განვითარებისკენ მიმართულ პროექტებს, მათ შორის, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან გაზის შესაძლო მიწოდებას, ასევე ტრანსკასპიური (ან ინტრაკასპიური) გაზსადენის პროექტის განხორციელებას. საქართველო მზად არის, გააგრძელოს აქტიური დიალოგი აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სამხრეთის გაზის დერეფნის სხვა მონაწილეებთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან აღნიშნული მიზნის მისაღწევად,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.