„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტი ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა.
„ნებისმიერ მოქალაქეს ჰკითხეთ, როგორ შეიძლება, პატრიარქზე, რომ ასეთ მკრეხელურ განცხადებას გააკეთებს ადამიანი და მით უმეტეს, ვინ? - პრეზიდენტი. აქ მე მგონი, საქმე გვაქვს ძალიან დიდ ანტიქართულ მოვლენასთან, მე არ მოვერიდები ამის თქმას, ეს არის დიდი ანტიქართული მოვლენა, ეს არის პირდაპირ შეტევა პატრიარქზე, ეკლესიაზე. მე ვფიქრობ, ეს თავად სალომე ზურაბიშვილის სახეს წარმოაჩენს ძალიან კარგად. ის ნიღაბი, რაც მას ჰქონდა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ეს ნიღაბი არის ჩამოხსნილი,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ზურაბიშვილმა Chatham House-ში დასმული კითხვის საპასუხოდ იმედი გამოთქვა, რომ ეკლესია პროდასავლურ რიტორიკას გაჰყვება და შეძლებს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის. პრეზიდენტის თქმით, პატრიარქმა ილია მეორემ ეკლესიის გზა მტკიცედ შეინარჩუნა. „ძალიან კომპლექსური ვითარებაა ეკლესიასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი დიდწილად დღევანდელი სისუსტეა პატრიარქის, რომელმაც ამ ეკლესიის გზა ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა.
ვფიქრობ, რომ მართლმადიდებლურმა ეკლესია აქ, ისევე როგორც, ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ძალიან ახლოსაა ხელისუფლებასთან იმ მხრივ, რომ მიდრეკილია, მიჰყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებებს. ასე რომ, იმედი მაქვს, ეკლესია ამ შემთხვევაში, ასევე, გაჰყვება პროდასავლურ რიტორიკას. იქიდან გამომდინარე, რომ ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ საქართველოს გამძლეობაში, ასევე, იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია, ასევე, შეძლებს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.