აზერბაიჯანში, ბაქოში, სამხრეთის გაზის დერეფნის მეათე და მწვანე ენერგეტიკის მრჩეველთა საბჭოს მეორე მინისტერიალი გაიმართა. განიხილეს სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებისა და ევროპისთვის მეტი გაზის მიწოდების გეგმები.
23 ქვეყანა შეიკრიბა ბაქოში, რათა ემსჯელათ გაზის მიწოდების გაფართოების შესაძლებლობებზე, რაც განიხილება გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის გადამწყვეტ გზად ევროკავშირისა და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის. დღის წესრიგში მთავარი იყო ერთობლივი მიზნების შესწავლა გრძელვადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე, მიწოდების დივერსიფიკაცია, მწვანე და განახლებად ენერგიაზე გადასვლა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სამხრეთ გაზის დერეფანი ენერგომატარებლების მიწოდების გეოგრაფიას შეცვლის.
„3 500 კილომეტრის სიგრძის მილსადენი უკვე რეალობაა. ეს ოცნება აღარ არის. ის სულ უფრო მეტ ქვეყანას მოიცავს. გვაქვს ახალი ინტერკონექტორები, რაც ბუნებრივი აირის ახალ დანიშნულების პუნქტებში ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა. ფაქტობრივად, ეს სრულად ცვლის ენერგომატარებლების მიწოდების გეოგრაფიას და ასევე ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს,“ – განაცხადა ილჰამ ალიევმა Euronews-თან ინტერვიუში.
მან ასევე თქვა, რომ აზერბაიჯანს ძალიან ამბიციური პროექტები აქვს განახლებადი ენერგორესურსების წარმოების კუთხით.
„აზერბაიჯანის კასპიის ზღვის პოტენციალი 157 გიგავატს შეადგენ, რაც დაფუძნებულია საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის შეფასებაზე. ჩვენ ამ მიმართულებით სვლა უკვე დავიწყეთ. ჩვენ ვაპირებთ, ათი წლის შემდეგ მაქსიმალურად გამოვიყენოთ განახლებადი ენერგიის წყაროები და შევამციროთ ბუნებრივი აირის მოხმარმება,“ – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ცნობისათვის, სამხრეთის გაზის დერეფანმა ევროპაში ტრანსპორტირება აზერბაიჯანული გაზის 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ის კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირებას საქართველოსა და თურქეთის გავლით ახორციელებს. პროექტის ღირებულებამ პროგნოზირებულ $45 მილიარდთან შედარებით, $33 მილიარდი შეადგინა.
SGC პროექტზე კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად ანაზღაურდება 8-10 წლის განმავლობაში. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ 2027 წლისთვის, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის მიწოდების მოცულობა გაზარდონ. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს.