შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, „112“-ში შეიქმნა ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი, რომლის კომპეტენციის ფარგლებშიც დაიწყო ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება.
როგორც გომელაურმა პარლამენტში ,,მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ უწყებას 100 ელექტრონული სამაჯური და შესაბამისი ინფრასტრუქტურა გადასცა.
„112“-ში შეიქმნა ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი, რომლის კომპეტენციის ფარგლებშიც დაიწყო ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება. პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერით. აღსანიშნავია, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციამ შეიძინა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა 100 ელექტრონული სამაჯური და შესაბამისი ინფრასტრუქტურა“, -განაცხადა გომელაურმა.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრმა პანდემიის პირობებში 2020 წელს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის – „112“-ის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
„2020 წელს მნიშვნელოვანი გამოწვევები ჰქონდა „112“-ს. შესული ზარების რაოდენობა შვიდ მილიონამდე გაიზარდა, შესაბამისად, გაორმაგდა თანამშრომელთა რაოდენობაც. პანდემიასთან დაკავშირებით, „112“-მა არსებულ ინფრასტრუქტურაზე მოაწყო და 2020 წლის 30 მარტს ექსპლუატაციაში გაუშვა ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი – „144“. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ცხელი ხაზების ინფრასტრუქტურა თბილისის მასშტაბით სამ სხვადასხვა ადგილზე მოეწყო.
პანდემიასთან დაკავშირებული გადატვირთვის გამო, „112“-მა შეიძინა და განაახლა სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.