შიდა ქართლში 5 და 7 წლის ბავშვების გაუპატიურების ბრალდებით 30 წლამდე კაცია დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ფაქტი თებერვლის დასაწყისში მოხდა. ბრალდებული კაცი ბავშვების ნათესავია.
მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება სსკ-ს 137-ე მუხლის 4 "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს (დანაშაული ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით).
დანაშაული 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისის ადამიანით ვაჭრობის და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის პირველ ცხრა თვეში, სექტემბრის ჩათვლით, ცენტრში სქესობრივი დანაშაულის 97 არასრულწლოვანი მსხვერპლის საქმეზე ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები. მსხვერპლთა უმრავლესობა გოგოა.
- ბავშვთა მიმართ ძალადობის, ჯანმრთელობის, განათლების, სოციალურ და ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე უნდა მიმართოთ დახმარების ცხელ ხაზს - 111.