რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინელებმა ოკუპირებულ ყირიმს 38 დრონით შეუტიეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 3 მარტის ღამეს დროებით ოკუპირებულ ყირიმში 38 უკრაინული დრონით თავდასხმა განხორციელდა.

„წუხელ აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა 38 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე,“ - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.


უწყების მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ, ე.წ. „ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე“ ყველა უკრაინული დრონი გაანადგურა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყირიმში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ ფეოდოსიაში აფეთქებების ხმები ისმოდა. პირველ მარტს ასევე იუწყებოდნენ სარაკეტო შეტევის შესახებ.


რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებულ სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის, ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს.