რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ ყირიმში მორიგი სარაკეტო იერიშის შესახებ იუწყება

რუსეთმა განაცხადა, რომ მის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ავიაბაზაზე სავარაუდო სარაკეტო თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ოკუპანტი დაიჭრა. როგორც უკრაინული მედია ASTRA-სა და რადიო თავისუფლებაზე დაყრდნობით წერს, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეტევა სავარაუდოდ, პირველ მარტს მოხდა, რუსეთმა თავდასხმის შესახებ მხოლოდ 4 მარტს განაცხადა.


როგორც რადიო თავისუფლება იუწყება, აეროდრომზე (Hvardiiske) ბაზირებულია რუსეთის საჰაერო ძალების 37-ე შერეული საავიაციო პოლკი, რომელიც შედგება Su-24M და Su-25SM თვითმფრინავების ორი (თითოეული 12) ესკადრილიისგან.

ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლისა და საკის რაიონებში სარაკეტო თავდასხმის შესახებ ბოლოს პირველ მარტს იუწყებოდნენ.


რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებულ სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის, ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს.