გენერალურ პროკურატურაში საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ონკომედიკამენტების რეალიზების საქმეს იძიებენ. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა.
პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიმართვა, რომ 2023 წლის განმავლობაში, ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ საზღვარგარეთიდან საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტი, ძირითადად ონკომედიკამენტები შემოიტანა.
უწყების ცნობით, მედიკამენტები რეალიზებული იქნა პაციენტებზე, როგორც მათი პირადი სახსრების გამოყენებით, ასევე სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების ფარგლებში.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოში, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არის გათვალისწინებული.
„სისხლის სამართლის საქმეზე შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, რომლის შედეგებზე მოხდება საზოგადოების ინფორმირება," აცხადებენ უწყებაში.
დღესვე, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პირველი საჯარო განცხადება გააკეთა თანამდებობის დატოვების შემდეგ - იგი მინისტრობის პერიოდში საკუთარი მიღწევებიდან გამოყოფს: თურქული წარმოების იაფი მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანაზე გადაწყვეტილება; საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფების დადგენა (დრჯ); ონკოპაციენტებისთვის მედიკამენტების სახელმწიფო შესყიდვა; ონკოპაციენტი ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა;დიალიზის სერვისზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. აზარაშვილის თქმით, სულ მცირე 60 ონკოლოგი საეჭვო მედიკამენტების შემოტანაშია ჩართული.