"მე მხარს დავუჭერდი, პირველ რიგში, რომ უფრო მეტად და მეტად მკაცრი იყოს სასჯელი ზუსტად ნარკორეალიზატორებისთვის", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით აქტიურად არის ჩართული ნარკორეალიზატორებთან ბრძოლაში.
„ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო კოლეგებთან - FBI-სთან, DEA-სთან, ევროპოლთან, ინტერპოლთან და მათთან ერთად ბევრი დიდი ღონისძიება გვაქვს ჩატარებული. არა მარტო გასული წლის, არამედ გასული წლების განმავლობაში ძალიან დიდი ოდენობით თხევადი ნარკოტიკის ამოღებით დაწყებული და თუნდაც ეს - 40 კილოგრამი ჰეროინის ამოღების თემაც, საერთაშორისო ჩართულობით გავაკეთეთ.
რაც შეეხება ნარკორეალიზატორების თემას, ძალიან ბევრი კითხვა წამოვიდა ამ მიმართულებით და მართლაც, რთული თემაა.
თითქმის კვირა ისე არ გადის, საპოლიციო ღონისძიება არ ჩავატაროთ, რა თქმა უნდა, ამას ვაშუქებთ. ტარდება პოლიციური ღონისძიებები, ზუსტად მაგ მიმართულებით, ქვემო ქართლის მიმართულებით და ხდება ძალიან ბევრი ადამიანის დაკავება.
რაც შეეხება გამკაცრების თემას, შეიძლება კიდევ უფრო გამკაცრდეს და რა თქმა უნდა, მე მხარს დავუჭერდი, პირველ რიგში, რომ უფრო მეტად და მეტად მკაცრი იყოს სასჯელი ზუსტად ნარკორეალიზატორებისთვის", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.