"მელიას დასაკავებლად შენობაში 200 პოლიციელი იყო შესული", - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დეპუტატ სოზარ სუბარის მიერ დასმულ კითხვას ნიკა მელიას დაკავების დროს გამოყენებულ საპოლიციო ძალასთან დაკავშირებით
"შიგნით შესული იყო დაახლოებით 200 ადამიანი, ჩვენი თანამშრომელი. იქ იყვნენ როგორც მაშველები, ასევე გარეთ მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, მეხანძრეები, რომლებიც გარეთ იყვნენ, შიგნით არ შესულან. იყო საშიშროება თუნდაც ცეცხლი გაჩენილიყო და რაღაც დიდი უბედურება მომხდარიყო შიგნით. მაგას თუ მოვითვლით ყველაფერს ერთად, შეიძლება ცოტა ბევრი მოეჩვენოს ადამიანს. შიგნით შესული პირიქით ბევრად ნაკლები იყო პოლიციელი, ვიდრე ხალხი დაგვხვდა შიგნით. ამაზე კადრებიც არის, თვითონაც აქვთ გადაღებული და ჩვენებსაც აქვთ გადაღებული" - განაცხადა გომელაურმა.
სოზარ სუბარის თქმით, ნიკა მელიას დაკავება იყო "უმაღლეს პროფესიულ დონეზე შესრულებული ოპერაცია, როდესაც არცერთ ადამიანს არ მიუღია არანაირი დაზიანება, ყოველ შემთხვევაში, სერიოზული დაზიანება მაინც არ მიუღია".