ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების 98-ე შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის გაათავისუფლებენ უკანონო პატიმრობაში მყოფებს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, შეხვედრაზე კონკრეტულ ფორმებსა და შეთავაზებებზე მიმდინარეობდა მსჯელობა.
,,დღევანდელ შეხვედრაზე უმთავრეს საკითხს წარმოადგენდა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხს. ეს თემა ძალიან აქტუალურად დაისვა შეხვედრაზე.
მოგეხსენებათ, მაღალი ხარისხის საერთაშორისო მხარდაჭერაა, რაც სხვათაშორის იყო დღევანდელ შეხვედრაზე მკვეთრად გამოხატული, შედგა თემატური დისკუსია კონკრეტულ საკითხებზე, ვიმსჯელეთ კონკრეტულ ფორმებზე და რა თქმა უნდა გაკეთდა შეთავაზება, რომ ამგვარად და ზოგადად ასეთ შემთხვევებში აუცილებელია, გამოვიყენოთ ჰუმანიტარული მიდგომა და საკითხი გადაწყდეს ჰუმანიტარულ პერსპექტივაში.
ამ ეტაპზე კონკრეტულ თარიღებთან დაკავშირებით საუბარი გაგვიჭირდება, თუმცა ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი ყველა თანამოქალაქე დაუბრუნდება ოჯახებს", - განაცხადა ანთაძემ.
ანთაძის თქმით, შეხვედრები შედეგიანი იქნება მაშინ, როდესაც ყველა უკანონოდ დაკავებული მოქალაქე საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდება.
,,შედეგიანობაზე საუბარი უპრიანი იქნება მაშინ, როდესაც ჩვენი ყველა თანამოქალაქე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახებს და საერთოდ აღმოიფხვრება უკანონოდ დაკავებების მახინჯი პრაქტიკა. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, რასაც შეეხო ჩვენი დისკუსიები, რა თქმა უნდა განვიხილეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინცინდენტი და ამ კონტექსტში რა თქმა უნდა, მთავარ პრობლემას წარმოადგენს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხი, რაც ბოლო თვეებში აქტიურ ფაზაში იყო შესული", - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა.
ცნობისთვის, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების წინა შეხვედრა 2020 წლის სექტემბერში ჩატარდა.