გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის, მერაბ გაფრინდაშვილი ნამახვან ჰესის მშენებლობით გამოწვეული საფრთხეების შესახებ მოსახლეობაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. ის მოსახლეობას ურჩევს, გავრცელებული არასწორია ინფორმაცია სპეციალისტებთან გადაამოწმონ.
როგორც Europetime-ს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტიდან აცნობეს, საუბარი იმაზე, რომ კაშხალი შენდება სუსტ გრუნტებში, სიცრუეა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, ასევე სიცრუეა, თითქოს ჰესი საფრთხეს შეუქმნის სამკურნალო ბალნეოლოგიურ წყლებს
„ამ ხეობაში გვყავს ყველა მიმართულების სპეციალისტი და ეცადეთ, ნაკლებად მოუსმინოთ არასწორ ინფორმაციას“, - აღნიშნავს გაფრინდაშვილი ნამახვან ჰესის შესახებ.
„საუბარი იმაზე, რომ კაშხალი შენდება სუსტ გრუნტებში, სიცრუეა. კაშხალი განთავსებულია მტკიცე ორპირიტულ ქანებში, რომლებიც ერთ-ერთი მტკიცე, მდგრადი ქანებია. ყველაზე დიდი მეწყერი, რომელიც ამ ზონაში წყალსაცავის არეალშია მოქცეული, ეს არის ბერჩის მეწყერი, თუმცა იმ ტიპისაა, რომ ერთიანი მოწყვეტა და 34 მეტრიანი ტალღის გამოწვევა არ შეუძლია. ეს ზონა 170 მლნ კუბური მეტრის ტევადობის სივრცეა, რაც ძალიან დიდი ტევადობაა და გამორიცხულია, 34 მეტრიანი ტალღა წარმოიშვას.
აღსანიშნავია, რომ არავითარი საფრთხე არ შეექმნება სამკურნალო ბალნეოლოგიურ წყლებს. სულ სხვა მორფოლოგიურ, ჰიდროლოგიურ და გეოლოგიურ ზონაში მდებარეობს კურორტი წყალტუბო და სხვა ზონაშია მდინარე რიონის ხეობის ის ზონა, სადაც ნამახვანის ჰესი უნდა აშენდეს.
ასევე, არავითარი კარსტული ქანები აქ არ არის. კარგი იქნება, მშენებლობის ეტაპზე საინიციატივო ჯგუფს თუ ჩამოვაყალიბებთ. ამ ხეობაში გვყავს ყველა მიმართულების სპეციალისტი, აღიარებული კონსტრუქტორები, გეოლოგები, მშენებლები და ეცადეთ, ნაკლებად მოუსმინოთ არასწორ ინფორმაციას. სეისმური თვალსაზრისით, ბევრად უფრო სეისმურ ზონაში მდებარეობს ენგურჰესი, ვიდრე ნამახვანი. გაშლის სიმაღლე იქ 275 მეტრია, აქ 105 მეტრი. მზად ვართ კერძო და საჯარო საუბრებისთვის და უფრო ობიექტურად მივუდგეთ მშენებლობის საკითხს“, - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გაფრინდაშვილმა.
დღეს, ნამახვან ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, ადგილობრივ მოსახლეობას მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ. ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, მოსახლეობის კითხვებს უპასუხეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. რამდენიმე დღის წინ, ჰესის აშენების გაპროტესტების მიზნით ქუთაისში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.
როგორც შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ნამახვან ჰესის მშენებლობით გამოწვეულ საფრთხეებთან დაკავშირებით გავრცელებული, არც ერთი ინფორმაცია, სინამდვილეს არ შეესაბამება.
მოსახლეობამ კი მინისტრს უპასუხა, რომ მთავრობა შუახევში მიმდინარე მშენებლობაზეც უსაფრთხოების პირობას იძლეოდა, მაგრამ გვირაბი დაინგრა. შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლება ოთხ წელიწადში შეიცვლება და ნამახვან ჰესის უსაფრთხოების გარანტიებზე პასუხისმგებელი არავინ იქნება.