ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის სამ წევრს - გარი მულდაროვს, დავიდ სანაკოევს და ძამბოლატ მედოევს სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეობას ჩამოართმევენ. რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზას მიხედვით, პოლიტიკოსებმა თავად დაადასტურეს გავრცელებული ინფორმაცია.
როგორ სააგენტო „Сапа“ წერს, „დეპუტატებმა“ რუსეთის დაზვერვის ფედერალური სამსახურის 7 თებერვლის შეტყობინება გასულ კვირაში მიიღეს. მათი თქმით, მიზეზად „რუსეთის საზღვართან დაძაბულობის გაძლიერების მოქმედებები“ სახელდება. რაში მდგომარეობს ეს მოქმედებები, დოკუმენტებში არ არის მითითებული.
„დეპუტატებისთვის“ მოქალაქეობის ჩამორთმევა უპრეცედენტო ნაბიჯია რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობებისთვის", წერს გამოცემა. „ცნობილია, რომ გარი მულდაროვი, დავიდ სანაკოევი და ძამბოლატ მედოევი საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დადგენის იდეის მომხრეები იყვნენ, მულდაროვი სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას ხელმძღვანელობდა. სანაკოევი რესპუბლიკის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობის გამო ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ დაკავების ორდერი გასცა. ორივე დეპუტატი სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო".
მოსკოვის გადაწყვეტილებას „დეპუტატები“ „ქართულ ლობისტებთან“ აკავშირებენ.
„ამ „ინიციატივის“ მიზეზები, რომელიც სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგაა მიმართული, ყველასთვის გაუგებარია. რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების ფონზე ეს მხოლოდ გაურკვევლობას იწვევს. მე ამას რუსეთ- საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობასთან და სამხრეთ ოსეთში ქართველი ლობისტების მუშაობასთან ვაკავშირებ, მე და ჩემი კოლეგები ჩვენს უფლებებს დავიცავთ ყველა კანონიერი გზით და მაქსიმალურად საჯაროდ,“ - განაცხადა სანაკოევმა.
„სამწუხაროა, რომ ასეთ რთულ დროს ადგილობრივი „პოლიტიკოსები“ მოსკოვს აწვდიან ინფორმაციას, რის საფუძველზეც მიიღება ასეთი ანტირუსული და ანტიოსური გადაწყვეტილებები. სამხრეთ ოსეთი, ალბათ რუსეთისთვის ყველაზე ახლო და მეგობრული სახელმწიფოა. ნათელია, რა დასკვნას გამოიტანენ საპარლამენტო დეპუტატებისთვის [მოქალაქეობის] ჩამორთმევის მცდელობიდან - რომ რუსეთი ტოვებს თავის მეგობრებს და პარტნიორებს. არ ვიცი რით ხელმძღვანელობდნენ ამ პროვოკაციის ორგანიზატორები, მაგრამ მოქმედებენ მხოლოდ საქართველოს და მისი დასავლელი კურატორების სასარგებლოდ,“ - განაცხადა მულდაროვმა.
„ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა: სპეციალური სამხედრო ოპერაციისას (ასე უწოდებს რუსეთი ომს უკრაინაში ავტ.) ეს ყველაფერი კეთდება ხალხის მიერ, რომლებსაც სურთ რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის განხეთქილება გამოიწვიოს“, - აღნიშნა მედოევმა.