„სუპერ სამშაბათი“: შიდაპარტიულ არჩევნებში ტრამპი და ბაიდენი იმარჯვებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. სუპერ სამშაბათის დროს, პრეზიდენტობის კანდიდატების ასარჩევად, ამერიკელებმა პრაიმერიზში ერთდროულად მიიღეს მონაწილეობა. მედია წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით სავარაუდო გამარჯვებულების შესახებ ინფორმაციას უკვე ავრცელებს. 5 მარტს, ორივე პარტიის ამომრჩეველი, დემოკრატები 14 შტატში და რესპუბლიკელები 15-ში, ერთად აძლევდნენ ხმას საპრეზიდენტო კანდიდატობაზე მათ სასურველ პრეტენდენტს.


BBC-ის ცნობით, ბაიდენმა გაიმარჯვა 14 შტატში, მაგრამ ამერიკის სამოას ტერიტორიაზე 11 ხმით დამარცხდა.

ხოლო რესპუბლიკელების პრაიმერიზში ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, 14 შტატში ლიდერობს.


რაც შეეხება ვერმონტის შტატს, რესპუბლიკელების პრაიმერიზში, გამარჯვება დონალდ ტრამპის მთავარმა კონკურენტმა ნიკი ჰეილიმ მოიპოვა. გასულ კვირაში მან ვაშინგტონის შტატის პრაიმერიზშიც გაიმარჯვა.

„ეს არის დროის წარმოუდგენელი პერიოდი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში - ჩვენ ამ არჩევნებში გავიმარჯვებთ,“ განაცხადა ტრამპმა. მან ჯო ბაიდენი გააკრიტიკა.

„ჩვენ ამ არჩევნებში გავიმარჯვებთ, რადგან არჩევანი არ გვაქვს,“ აღნიშნა ტრამპმა.


ჯო ბაიდენის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას ქაოსი, განხეთქილება და სიბნელე ელოდება.

„ოთხი წლის წინ, მე კენჭი ვიყარე იმ ეგზისტენციალური საფრთხის გამო, რომელსაც დონალდ ტრამპი ამერიკისთვის წარმოადგენდა. მას წყენა, შური და შურისძიება ამოძრავებს - ის საკუთარ თავზე ფიქრობს და არა ამერიკელ ხალხზე,“ - განაცხადა ბაიდენმა.


შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვებულები მიმდინარე წლის ზაფხულში დაგეგმილ პარტიულ ყრილობებზე ოფიციალურად გახდებიან ამ პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატები.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება. როგორც ამერიკის ხმა წერს, ჩრდილოეთ კაროლინა “სუპერ სამშაბათში” მონაწილე ერთადერთი შტატია, რომელიც, სავარაუდოდ, მერყევი იქნება ნოემბრის საყოველთაო არჩევნებში. მერყევი შტატი გულისხმობს, რომ უცნობია თუ რომელ პარტიას მიემხრობა შტატის ამომრჩეველი. ტრამპმა 2020 წელს ჩრდილოეთ კაროლინა მცირე უპირატესობით მოიგო. ბოლო დემოკრატი კანდიდატი, რომელმაც შტატში გამარჯვებას მიაღწია, 2008 წელს ბარაკ ობამა იყო.