დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინას სესხი მისცეს დიდ ბრიტანეთში რუსეთის ცენტრალური ბანკის ყველა გაყინული აქტივების საფუძველზე. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ რუსეთი იძულებული იქნება, ომის დასრულების შემდეგ უკრაინას რეპარაციები გადაუხადოს. მისი განმარტებით, აქტივები გამოყენებული იქნება რეპარაციების გადახდის გარანტიად.
„არსებობს შესაძლებლობა, რომ გამოვიყენოთ მაგალითად, სინდიკატური სესხი ან ობლიგაცია, რომელიც ეფექტიანად იყენებს გაყინულ რუსულ აქტივებს, როგორც თავდებობას, რათა ეს თანხა უკრაინელებს მივცეთ, რადგან ვიცით, რომ ჩვენ მას დავაბრუნებთ, როცა რუსეთი გადაიხდის რეპარაციას. ეს შეიძლება, უკეთესიც იყოს. ჩვენი მიზანია G7-ისა და ევროკავშირის ერთიანობა ამ საკითხში, მაგრამ თუ ამას ვერ მივიღებთ, ვფიქრობ, ჩვენ მოგვიწევს წინსვლა მოკავშირეებთან, რომლებსაც სურთ ამის გაკეთება,“ - განაცხადა ქემერონმა.
უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი პენი პრიცკერი თვლის, რომ რუსული აქტივების ჩამორთმევა მოითხოვს ყველა ქვეყნის კოლექტიური გადაწყვეტილებას, რომლებმაც გააყინეს რუსული სახსრები თავიანთ ფინანსურ ინსტიტუტებში და ამას დრო დასჭირდება.