ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, გამოიყენოს 200 მილიონი აშშ დოლარი აშშ-ის არმიის დაფინანსებიდან, რათა დაუყოვნებელი დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას, მაშინ როცა უფრო მნიშვნელოვანი დახმარების უზრუნველყოფა, კონგრესში კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. შესაბამის ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
დროებითი სახსრები შეიძლება, კრიტიკული მარაგებისა და იარაღის შესავსებად გამოიყენონ. პენტაგონის რეზერვების გამოყენება უკრაინას დაახლოებით 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებით უზრუნველყოფს. ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულმა წყარომ Bloomberg-ს განუცხადა და განმარტა, რომ არმიის თანხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
უკრაინის დახმარების გარშემო დავის ფონზე, ჯო ბაიდენი აშშ-ის კონგრესს მიმართავს. აშშ-ის კონგრესში ჯო ბაიდენის გამოსვლა პარასკევს, 8 მარტს, თბილისის დროით, 06:00 საათზე დაიწყება. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ კონგრესში „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ“ ყოველწლიური მიმართვისას ჯო ბაიდენი უკრაინის დახმარების საკითხის შესახებაც ისაუბრებს.
„უკრაინასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი გააგრძელებს იმის მოთხოვნას, რომ წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელები“ წინ წავიდნენ და სპიკერმა ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებების დამატებითი დაფინანსების კანონპროექტი წარადგინოს,“ - განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.