„კონგრესმა უნდა იმოქმედოს“ - სახელმწიფო დეპარტამენტი ოდესის დაბომბვაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერის ვიზიტისას ოდესის დაბომბვის საკითხზე კომენტარი გააკეთა. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ უკრაინას გაძლიერებული საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება.

„შეერთებული შტატების კონგრესმა უნდა მიიღოს ზომები, როგორც ჩვენ მათ მოვუწოდეთ და მხარი დავუჭიროთ უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ - განაცხადა მილერმა.


იმავდროულად, თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა განაცხადა, რომ მას არ შეუძლია დაადასტუროს, იყო თუ არა პრეზიდენტი ზელენსკი სამიზნე ოდესაზე თავდასხმისას.

„ჩვენ ვიცით, რას აპირებს რუსეთი. ჩვენ ვნახეთ, რა ხდებოდა ბრძოლის ველზე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კონგრესის უმოქმედობის გამო,” - განმარტა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

ჟან-პიერმა დასძინა, რომ შეერთებული შტატები ინფორმირებულია უკრაინაში არსებული კრიზისული სიტუაციის შესახებ. 


უკრაინის დახმარების გარშემო დავის ფონზე, ჯო ბაიდენი აშშ-ის კონგრესს მიმართავს. აშშ-ის კონგრესში ჯო ბაიდენის გამოსვლა პარასკევს, 8 მარტს, თბილისის დროით, 06:00 საათზე დაიწყება. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ კონგრესში „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ“ ყოველწლიური მიმართვისას ჯო ბაიდენი უკრაინის დახმარების საკითხის შესახებაც ისაუბრებს.

„უკრაინასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი გააგრძელებს იმის მოთხოვნას, რომ წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელები“ წინ წავიდნენ და სპიკერმა ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებების დამატებითი დაფინანსების კანონპროექტი წარადგინოს,“ - განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.