აშშ-ის კონგრესმა შესაძლოა, ხელმოწერების შეგროვება დაიწყოს უკვე ამ კვირაში, რათა უკრაინისა და სხვა პარტნიორების დასახმარებლად, კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრაზე, სპიკერ მაიკ ჯონსონის გვერდის ავლით წარადგინოს.
ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ბრაიან ფიცპატრიკმა ოთხშაბათს კაპიტოლიუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყება, თუ ჯონსონი პროექტს კენჭისყრაზე არ გაიტანს.
კონგრესმენი დარწმუნებულია, რომ საკითხის დაძვრის მიზნით, 218 ხელმოწერის შეგროვება შესაძლებელია.
მანამდე აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის დამატებითი დაფინანსების შესახებ კანონპროექტი ფედერალური მთავრობის დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთანავე განიხილება.
უკრაინის დახმარების გარშემო დავის ფონზე, ჯო ბაიდენი აშშ-ის კონგრესს მიმართავს. აშშ-ის კონგრესში ჯო ბაიდენის გამოსვლა პარასკევს, 8 მარტს, თბილისის დროით, 06:00 საათზე დაიწყება. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ კონგრესში „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ“ ყოველწლიური მიმართვისას ჯო ბაიდენი უკრაინის დახმარების საკითხის შესახებაც ისაუბრებს.
„უკრაინასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი გააგრძელებს იმის მოთხოვნას, რომ წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელები“ წინ წავიდნენ და სპიკერმა ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებების დამატებითი დაფინანსების კანონპროექტი წარადგინოს,“ - განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.