აშშ და ბრიტანეთი მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ

რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ.

„საელჩო აკვირდება ცნობებს, რომ ექსტრემისტები გეგმავენ მოსკოვში დიდ შეკრებებზე, მათ შორის, კონცერტებზე თავდასხმას და აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, თავი აარიდონ დიდ შეკრებებს მომდევნო 48 საათის განმავლობაში. შეგახსენებთ, რუსეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით ჩვენი რჩევა მე-4 დონეზეა - არ იმოგზაუროთ,“ - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.


გაფრთხილების ტექსტს ასევე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. ბრიტანელებს ურჩევენ, მოერიდონ რუსეთში ყოველგვარ მოგზაურობას უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული რისკებისა და საფრთხეების გამო.

„სიტუაცია რუსეთში არაპროგნოზირებადია,” - აცხადებენ უწყებაში და აღნიშნავენ, რომ ტურისტული დაზღვევა შეიძლება, გაუქმდეს, თუ ბრიტანელები რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრებიან.