"მოვყვე, სად ვართ მისულები, სად ველოდებით ბატონ ესებუას?! ბარემ პირდაპირ ეთერში მოვახსენებ - ზეგ მოვალთ, მოემზადე, ბატონო ესებუა, გაიქეცი აქედან", - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს კითხვაზე, როდისაა მოსალოდნელი ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისთვის ძებნილი ბადრი ესებუას დაკავება.
შინაგან საქმეთა მინისტრი ზუსტად ვერ იტყვის, თუ როდის დააკავებენ ესებუას.
„მესმის დიდი ინტერესია. არ მიყვარს ბაქი-ბუქით საუბარი და ტრაბახი. არ ვიცი, შეიძლება ხვალ მოხდეს, ან ზეგ, შეიძლება ერთი წლის შემდეგ. 2-3 კვირის წინ დავაკავეთ ადამიანი მკვლელობაზე, რომელიც ეს 12 წლის წინ ჩაიდინა - ხდება ეს. ვერ გეტყვით, როდის მოხდება“,- განაცხადა გომელაურმა.