ტოივო კლაარი: აფხაზეთის მხარდასაჭერად ევროკავშირმა დაახლოებით 180 მილიონი ევრო დახარჯა

"ევროკავშირი 15 წელზე მეტია, აფინანსებს მნიშვნელოვან პროგრამებს აფხაზეთის მოსახლეობის მხარდასაჭერად," - ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარმა გამოცემა JAM news-თან ინტერვიუში განაცხადა.

კლაარმა კომენტარი გააკეთა კრიტიკაზე, რომელიც იანვარში გამოთქმულ მის მოსაზრებას მოჰყვა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მხრიდან. მაშინ მან განაცხადა, რომ ორჯერ განუცხადეს უარი აფხაზეთში სამუშაო ვიზიტებზე.


JAM news-თან კომენტარში კლაარი ამბობს, რომ არ ელოდა, თუ მისი მოსაზრება „ამხელა ინტერესს გამოიწვევდა, განსაკუთრებით - აფხაზეთში.“

„მინდოდა, საჯაროდ მესაუბრა აფხაზეთში წვდომის სირთულეებზე, რომლებიც ახლახან შემექმნა (ეს არ იყო დაკავშირებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ვიზიტებთან)... მე მესმის სიტუაციის სირთულე, რომელიც დაკავშირებულია მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებთან. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო ურთიერთქმედების სივრცის შემცირება ან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი ადგილობრივი პარტნიორების საქმიანობის შეზღუდვა – და, შესაბამისად, აფხაზეთში შემოდინებული დახმარებაც – მხოლოდ გაამწვავებს პრობლემებს.


ნამდვილად არ ველოდი, რომ ჩემი აზრი ამხელა ინტერესს გამოიწვევდა, განსაკუთრებით აფხაზეთში. ძალიან კარგი იყო იმის დანახვა, რომ ადამიანებს შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები და ჩაერთონ საინტერესო დებატებში, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში.“


ოკუპირებულ აფხაზეთში პროექტების დაფინანსებაზე საუბრისას კლაარმა დასძინა, რომ „ეს ძირითადად ხდება აფხაზეთში მყოფი პარტნიორების მეშვეობით, როგორებიც არიან გაეროს სააგენტოები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება.“

„ეს პროგრამები მხარს უჭერს ჯანდაცვის, განათლების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორებს და სხვა. ეს არის ასევე პროექტები დაკარგული ადამიანების მოსაძებნად და ასაფეთქებელი მოწყობილობების გასანეიტრალებლად,“ ამბობს ტოივო კლაარი.


მისი თქმით, 2008 წლიდან სულ დაახლოებით 80 მილიონი ევრო დაიხარჯა მხარდაჭერის პროგრამებზე, „ასევე ნდობის აღდგენის ღონისძიებებსა და დიალოგზე“.

„ვფიქრობ, სამართლიანი იქნება ასევე აღვნიშნო დამატებითი თანხა – დაახლოებით 100 მილიონი ევრო, რომელიც ევროკავშირმა სესხებისა და გრანტების სახით გამოსცა ენგურჰესის შეკეთებასა და მოდერნიზაციაზე. ამის გარეშე დღეს აფხაზეთში სინათლე არ იქნებოდა. და სხვათა შორის, სესხებს იხდის ექსკლუზიურად საქართველოს მთავრობა, ანუ ის ასევე დიდად უჭერს მხარს აფხაზეთის ენერგომომარაგებას,“ აღნიშნავს კლაარი.


სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მრავალი პროექტი და აქტივობა აფხაზეთში მიზნად ისახავს აფხაზური იდენტობის შენარჩუნებას და განვითარებას, განსაკუთრებით აფხაზურ ენას, ისტორიულ არქივებს, კოლხური ბზის და თუნდაც აფხაზური ღვინოების გადარჩენას.

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. გმობის რუსეთის მხრიდან საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას და მოუწოდებს სრული დეოკუპაციისკენ.