ოპოზიციის ნაწილი კონსტიტუციის შეცვლას მოითხოვენ. როგორც პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, დღევანდელი კონსტიტუცია ძირითად გამოწვევებს ვერ პასუხობს. მათ, ამ მოთხოვნით, მემორანდუმიც შეიმუშავეს და დოკუმენტს ხელიც მოაწერეს.
"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, საჭიროა ფუნდამენტური საკონსტიტუციო ცვლილებები.
„ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტური საკონსტიტუციო ცვლილებები, ბევრი ადამიანის, საქართველოს მოქალაქეების ჩართულობით, რომ შევქმნათ ისეთი ინსტიტუციები, რომლებსაც ნდობა ექნება ხალხის მხრიდან. გვჭირდება მეტი თვითმმართველობა, მეტი ძალაუფლება გადაეცეს მოქალაქეებს. ჯერ გაერთიანებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ზოგიერთ პოლიტიკურ ძალასთან მეტ ენერგიას ვხედავთ „სტრატეგია აღმაშენებელი" და ვიფიქრებთ თანამშრომლობის მექანიზმებზეც", - აცხადებს ვაშაძე.
პარტია „ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე მიესალმება კონსტიტუციის ცვლილებას.
„სამწუხაროდ, იმ კონსტიტუციამ ვერ იმუშავა, ვფიქრობ, სანამ არ დაუბრუნდებით ამ მოდელს, რეალურად პოლიტიკურ ელიტებს არ წავართმევთ იმის შესაძლებლობას, რომ მათ მართონ და მოირგონ კანონები, განსაკუთრებით - კონსტიტუცია თავის ინტერესებზე, მანამდე ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორი გზით ვერ მოხერხდება. ფაქტი, რომ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გარშემო გავერთიანდით, მისასალმებელია. ნაადრევია ჯერ ერთიან პლატფორმაზე საუბარი", - აცხადებს ხაზარაძე.
მემორანდუმს მხარს უჭერენ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ - არასამთავრობო ორგანიზაციებიც.