„აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო პროცესში პროგრესი გადამწყვეტი იქნება რეგიონის კეთილდღეობისთვის“ - შეხვედრა ვაშინგტონში

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახელის მრჩეველს ჯეიკ სალივანს ვაშინგტონში შეხვდა. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი, ისრაელ - „ჰამასის“ კონფლიქტი, სირია, ერაყი - ამ საკითხების გარდა, მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრეს.


კერძოდ, თურქული მედიის ცნობით, განიხილეს აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა და ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ კუთხით პროგრესი გადამწყვეტი იქნება კავკასიის რეგიონის კეთილდღეობისთვის.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო პროცესის მნიშვნელოვან როლს კავკასიის რეგიონის კეთილდღეობის უზრუნველყოფაში.


სომხური მედია კი, წერს, რომ ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ფიდანმა და სალივანმა ისაუბრეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე და აღნიშნეს, რომ სამშვიდობო პროცესში წარმატება ხელს შეუწყობს კავკასიის საერთო კეთილდღეობასა და სტაბილურობას.


შეგახსენებთ, თებერვლის ბოლოს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებაზე მოლაპარაკებების მიზნით, ბერლინში შეხვდნენ.


ცნობისთვის, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს.

  • „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“