„ნამახვანჰესზე რა რაოდენობის ინვესტიციაც უნდა ჩაიდოს, იმ თანხის ნახევარი რომ არსებული ჰესების რეაბილიტაციას მოხმარდეს, მთელ საქართველოში წარმოებული ელექტროენეერგიის რაოდენობა 20-25 პროცენტით გაიზრდება, რაც იმაზე ბევრჯერ მეტია, ვიდრე ნამახვანჰესმა უნდა აწარმოოს", - ამის შესახებ Europetime-ს ენერგოუსაფრთხოების საკითხების სპეციალისტმა გიორგი ჭაღიაშვილმა განუცხადა.
ესქპერტის განმარტებით, ნამახვანჰესი ქვეყანას ეკონომიკურ სარგებელსაც კი ვერ მოუტანს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სახელმწიფო მის აშენებაზე თანმხდება, არის ის, რომ ელექტროენერგიის მარაგის კრიზისი შეავსოს.
მისი თქმით, 2000 წლიდან გარემოს დაცვის და ნებისმიერი კვლევების შესაბამისად აღიარებულია, რომ გიგანტური ჰესების აშენება სიკეთის მომტანი არ არის, იწვევს კლიმატის ცვლილებებს, რელიეფის დამახინჯებას და განახლებადი ენერგეტიკის კლასიფიკაციაში ჩასმული არ არის.
„მიუხედავად ამ რეკომენდაციებისა, ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან დიდი ჰესების აშენების ინტერესი გამომდინარეობს იქედან, რომ საქართველომ ელექტროენერგიის მოცულობა გაზარდოს და საბითუმო ვაჭრობაში მიიღოს მონაწილეობა. ელექტროენერგიის მარაგის კრიზისი განსაკუთრებით ზამთარში ნამდვილად გვაქვს, ყოველ წელს 800 მილიონ კილოვატ საათს ვყიდულობთ.
რაც შეეხება ამ პრობლემიდან გამოსავალს და ელექტროენერგიის მარაგის სხვა გზებით შევსებას, ასეთი გამოსავალი შეიძლება გამოინახოს - არსებული ჰესების რეაბილიტაცია რომ მოხდეს, გადაიარაღება, რეაბილიტაცია და არა კაპიტალური რემონტი, 20-25 პროცენტით შეიძლება გენერაციამ მოიმატოს და ჯამში წარმობეული ელექტროენერგიის რაოდენობა გაიზარდოს. ნამახვანჰესზე რა რაოდენობის ინვესტიციაც უნდა ჩაიდოს, სრული რეაბილიტაციისთვის, მაგის ნახევარი თანხა საკმარისია.
ნამახვანის საინვესტიციო თანხად გამოყოფილია 750 მილიონი დოლარი. მაგრამ ჰესის მაქსიმალურად უსაფრთხოდ ასაშენებლად 2 მილიარდი ამერიკული დოლარი მაინც არის საჭირო. ვინაიდან ამხელა თანხა ვერ მოიძიეს, შესაბამისად რისკებზე ინფორმაცია დამალეს. სათანადო კვლევები არ ჩაატარეს. მშენებლობა ისე დაიწყეს, პროექტის რისკებზე ცნობილი არაფერი არ იყო. მათ შორის ნებართვა არ იყო ჯერ გაცემული, მშენებლობა რომ დაიწყეს", - განუცხადა Europetime-ს ენერგოუსაფრთხოების საკითხების სპეციალისტმა გიორგი ჭაღიაშვილმა.
მისივე თქმით, დიდი ჰესების ბევრი ალტერნატიული საშუალება არსებობს. მთავარია სისტემამ სწორად და მოქნილად იმუშაოს. ალტერნატიული საშუალებებია: წყლის მცირე ენერგეტიკა - მცირე და მიკრო ჰესები, მზის ენერგეტიკა, ქარის ენერგეტიკა. ჯეოთერმული ენერგეტიკა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიები.
„რატომ არ ცდილობს ხელისუფლება ალტერნატიული ენერგიების პროექტების განხორციელებას - ათეული წლების განმავლობაში მეცნიერები ცდილობდნენ ჩვენ დარწმუნებას, რომ დიდი ჰიდროენერგეტიკა იყო საქართველოს გადამრჩენი; რომ საქართველოში გვაქვს 26 ათასი მდინარე და ამ მდინარეების მხოლოდ 10 პროცენტია ათვისებული და აუცილებლად უნდა ავითვისოთ 80 პროცენტი. მაგალითად მოჰყავდათ ნორვეგია, დანია, ავსტრია და შვეიცარია. მართალია, ამ ქვეყნებმა გასულ საუკუნეში ბევრი დიდი ჰესის აშენება მოასწრეს, მაგრამ ახლა მათ დემონტაჟს გეგმავენ, როგორც კი ჰესებს ექსპლუატაციის ვადა გაუვათ", - აცხადებს გიორგი ჭაღიაშვილი.
რამდენიმე დღის წინ, ნამახვანჰესის აშენების გაპროტესტების მიზნით, ქუთაისში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.
გუშინ, აქციის ორგანიზატორები და ადგილობრივი მოსახლეობა მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, მოსახლეობის კითხვებს უპასუხეს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. როგორც შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ნამახვანჰესის მშენებლობით გამოწვეულ საფრთხეებთან დაკავშირებით გავრცელებული, არც ერთი ინფორმაცია, სინამდვილეს არ შეესაბამება.
მოსახლეობამ კი მინისტრს უპასუხა, რომ მთავრობა შუახევში მიმდინარე მშენებლობაზეც უსაფრთხოების პირობას იძლეოდა, მაგრამ გვირაბი დაინგრა. შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლება ოთხ წელიწადში შეიცვლება და ნამახვანჰესის უსაფრთხოების გარანტიებზე პასუხისმგებელი არავინ იქნება.