მაკრონი მზადაა, ჯარი გაგზავნოს უკრაინაში, თუ ფრონტის ხაზი ოდესაში ან კიევში გაივლის - მედია

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ხუთშაბათს საპარლამენტო პარტიებს შეხვდა. შეხვედრის დროს მაკრონმა განაცხადა, რომ ის ღიაა უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობისთვის, თუ ფრონტის ხაზი ოდესას და კიევს გაივლის. ამის შესახებ ფრანგულმა გაზეთმა L’Independant-მა დაწერა.


კერძოდ, როგორც გამოცემა წერს, საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენელმა ფაბიენ რუსელმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „მაკრონმა მიუთითა სცენარზე, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს [საფრანგეთის ჯარების] ინტერვენცია: „ფრონტის წინსვლა ოდესის ან კიევისკენ.“

შეხვედრის რამდენიმე მონაწილემ Le Figaro-ს ანონიმურობის პირობით განუცხადა, რომ მაკრონს "ხელში რუკები" ეჭირა, როდესაც ის ხსნიდა უკრაინის ფრონტის ხაზიდან რუსული ძალების სასარგებლოდ უკან დახევის რისკებს.


”მან არსებითად განგვიმარტა, რომ თუ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და მაინც ვისაუბრებთ საკუთარი თავის შეზღუდვაზე, ვლადიმერ პუტინი სავარაუდოდ, წარმატებას მიაღწევს,” - აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ.


საფრანგეთის პრეზიდენტმა მისი ადრინდელი გაანცხადება ცოტა ხნის წინ განმარტა და აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ განცხადებები “მოზომილი და გააზრებული” იყო.

კერძოდ, მაკრონს კომენტარის გაკეთება სთხოვეს მის განცხადებაზე, რომელიც მან პარიზში მოკავშირეების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ “არ შეიძლება, გამოვრიცხოთ” უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა. „ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვამბობ, არის გაზომილი და გააზრებული,” - განაცხადა მაკრონმა.


NATO-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს. უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა NATO-ს გენერალურმა მდივანმაც გამორიცხა. მაკრონის სიტყვები დადებითად შეაფასეს ბალტიისპირეთის კიდევ ერთ ქვეყანაში, ლიეტუვაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ მადლობელი იყო ამ ინიციატივისთვის და დაამატა, რომ "არცერთ შესაძლებლობაზე არ უნდა ითქვას უარი.