„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაციის წინ ღობის დამონტაჟება თავის დროზე უსაფრთხოებით იყო ნაკარნახევი.
ღარიბაშვილის თქმით, კობახიძის მხრიდან განსხვავებული შეხედულებების ქონა, აბსოლუტურად ნორმალურია. ის ამჟამინდელ პრემიერთან დაპირისპირებას უარყოფს.
„ღობეზე რატომ უნდა ვილაპარაკო, უხერხულია, სირცხვილია, ამას განმარტავს თავად კობახიძე, მიმართეთ მას და განმარტავს. დამისახელეთ ქვეყანა, რომლის მთავრობის მეთაური ზის დაუცველ ღობის გარეშე შენობაში. მთავარი მიზანი და მოტივაცია, როდესაც მე თავის დროზე ეს გადავწყვიტე, იყო უსაფრთხოებიდან გამომდინარე და რატომ?
ეს დესტრუქციული ძალები, რომლებიც გახსოვთ, რომ პირდაპირ ჩვენს გმირ პოლიციელებს როგორ შეურაცხყოფდნენ კანცელარიის წინ, ხან ფქვილი დააყარეს, ხან საღებავი შეასხეს და ჩვენს თანამშრომლებს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს როგორ აწუხებდნენ, შიგნით შეცვივდებოდნენ ყოველგვარი საშვების გარეშე და დესტრუქციას აწყობდნენ და საშინელებებს სჩადიოდნენ.
არავითარი დაპირისპირება არ არსებობს. პრემიერ-მინისტრი წყვეტს საკადრო საკითხებს კონსტიტუციით, კანონით. ძალიან ჩვეულებრივი პროცესი მიმდინარეობს, აქ არაფერი ახალი და განსაკუთრებული არ ხდება, ირაკლი კობახიძე არ არის ვალდებული, რომ ჩემ მიერ დანიშნულ მინისტრებთან იმუშაოს, მას თუ განსხვავებული ხედვა აქვს და გამოვლინდა კიდეც რესპუბლიკურ საავადმყოფოზე, რომ განსხვავებული ხედვა აქვს, ეს ნორმალურია. ჩვენ ვართ განსხვავებული ადამიანები, მე ვარ ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერი არის კობახიძე. ნორმალურია, სხვა აზრი ჰქონდეს, არანორმალურია, რომ ყველაფერში ერთი და იგივე აზრი გვქონდეს," - განაცხადა ღარიბაშვილმა.
კითხვას იყო თუ არა ის ახალი ჯანდაცვის მინისტრის პროცესში ჩართული, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ის პარტიის თავმჯდომარეა მთავრობის საკითხებში აღარ ერევა.
„უნდა დაველოდოთ პრემიერ-მინისტრს, მან უნდა გადაწყვიტოს საკადრო საკითხები, მთავრობის საკითხებში მე აღარ ვერევი, მე ვარ პარტიის თავმჯდომარე. საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და ჩვენი პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, მე ვარ პასუხისმგებელი პარტიის მუშაობაზე და, რა თქმა უნდა, ჩემი მთავარი მისიაა მოვიარო რეგიონები და პარტია მოვამზადოთ არჩევნებისთვის," - განაცხადა ღარიბაშვილმა.