დეპუტატი კახა კახიშვილი თქმით, სპეციალური სამსახურებისა და პოლიციის თანამშრომელთა, ასევე მათი ოჯახის წევრების მისამართები და საანკეტო მონაცემები, ინტერნეტში ღიად არ უნდა იყოს განთავსებული. მისი თქმით, მაშინ, როცა სახეზეა სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომლების მიმართ აშკარა დევნა, მსგავსი სახის ინფორმაციის ყველასათვის ხელმისაწვდომობა ამ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს საფრთხის ქვეშ აყენებს. ამის შესახებ მან პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა.
„ჩვენ ვხედავთ ბოლო პერიოდში სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომლების მიმართ ფაქტობრივ დევნას. ამ დროს, მათი დეკლარაციები ღია სივრცეშია განთავსებული და ფაქტობრივად გაშიფრულია საცხოვრებელი ადგილები, ავტომობილების, ტელეფონის ნომრები, ოჯახის წევრების სამუშაო ადგილი, მისამართები, როგორ დადიან, საიდან სად მიდიან და ა.შ“, – განაცხადა დეპუტატმა.
კახა კახიშვილის შეფასებით, ერთი მხრივ, ეს ადამიანები 24 საათის განმავლობაში კრიმინალთან ბრძოლის ველზე პირველ ფლანგზე დგანან, მეორე მხრივ კი, მათსა და მათი ოჯახის წევრებზე მთელი ინფორმაცია ღიად მოიპოვება.
„შესაძლებელია კიდეც, დარტყმის ობიექტი გახდეს რომელიმე პოლიციელი ან სპეცსამსახურის თანამშრომელი. ხომ არ ვიფიქროთ იმაზე, რომ დეკლარაცია შეიძლება, განათავსო ინტერნეტსივრცეში, მაგრამ ამავდროულად, სპეცსამსახურების თანამშრომლების დეკლარაციებში მათი მისამართები იყოს დაშიფრული. პირობითად, რა ქონებას ფლობს პოლიციელი X, ეს არის, მაგრამ X-ის, მისი მეუღლის მისამართი, ტელეფონის ნომრები და ა.შ, ეს ყველაფერი იქნება დაშტრიხული. თუ ვინმე დაინტერსებული მხარეა, მიმართოს საჯარო სამსახურის ბიუროს, მოითხოვოს და დეტალურად შეისწავლოს. ამაზე პრობლემა არ არის, მაგრამ ღია სივრცეში სპეცსამსახურის თანამშრომლების, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის სპეცრაზმის თანამშრომლების, ოპერატიული თანამშრომლების საანკეტო მონაცემები, მათი სანათესაო წრის გაშიფვრა, ვფიქრობ, ძალიან არასწორია და საფრთხის ქვეშ ვაყენებთ ამ ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებს“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
კახიშვილის თქმით, უმჯობესია, ამაზე მუშაობა პრევენციულად წარიმართოს არასამთავრობო სექტორთან და პარლამენტთან ერთად, ვიდრე რაიმე მოხდეს და შემდეგ დაიწყოს საკითხზე ფიქრი.